3-დან 11 ნოემბრის ჩათვლით, ერევანში (სომხეთი) მიმდინარეობს EUBC-ის ახალგაზრდული და 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი კრივში. საქართველოს ნაკრებში მონაწილეობდა ახალქალაქელი სპორტსმენი გრიშა ელიზბარიანი, რომელმაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

საქართველოს ნაკრები 18 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი. მათ შორის იყო ახალქალაქის სპორტული კომპლექსის სტუდენტი გრიშა ელიზბარიანი, რომელსაც აღასი ელიზბარიანი წვრთნის.

გრიშა ელიზბარიანმა სერბი მეტოქე დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც სომხეთიდან ჩამოსულ სპორტსმენს დაუპირისპირდა, რომელიც ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონია. ის რთულ ბრძოლაში დამარცხდა და ტურნირში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ელიზბარიანმა ადრე მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა, სადაც პოდიუმზე ვერ ავიდა. თუმცა, ამჯერად მან წარმატებას მიაღწია და პირველი ევროპული მედალი მოიპოვა.

ჩემპიონატი, რომელიც ერევანში გაიმართება, დღეს, 11 ნოემბერს დასრულდება.