თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან თურქეთის შეიარაღებული ძალების კუთვნილი სამხედრო თვითმფრინავის, C130 “ჰერკულესის” ჩამოვარდნას.
„საქართველოში ჩამოვარდა C130 სატვირთო თვითმფრინავი, რომელიც აზერბაიჯანიდან ჩვენს ქვეყანაში მიფრინავდა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები საქართველოს ხელისუფლებასთან კოორდინაციით დაიწყო“.
“სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, ჩამოვარდა თურქული სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც პირველადი ინფორმაციით, ასრულებდა რეისს აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
“თურქეთის C130 ტიპის საჰაერო ხომალდი საქაერონავიგაციის რადარებიდან საქართველოს ტერიტორიის გადმოკვეთიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, განგაშის სიგნალის გადმოცემის გარეშე გაქრა, რის შემდეგადაც საქაერონავიგაციამ დადგენილი ძებნა – შველის სამუშაოები დაიწყო. ამჟამად უკვე ინფორმირებულია აზერბაიჯანის ქალაქ განჯის აეროპორტი, საიდანაც თურქეთის ბორტი აფრინდა, ასევე ინფორმაცია მიეწოდა თურქეთის მხარეს. ამჟამად საქართველოს შესაბამის უწყებებთან ერთად, საავიაციო წესებით გათვალისწინებული საძიებო სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს”, – ეს განცხადება საქაერონავიგაციამ თვითმფრინავის კატასტროფის შესახებ ინფორმაციის გავრცელებიდან ორი საათის შემდეგ გამოაქვეყნა.
აზერბაიჯანული მედია ავრცელებს პრეზიდენტ ილჰამ ალიევის სამძიმრის წერილსაც, რომელიც თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანს გაუგზავნა.
„ღრმად დამწუხრებული ვარ სამხედრო მოსამსახურეების დაღუპვის ტრაგიკული ამბით, განჯიდან აფრენილი თურქეთის საჰაერო ძალების სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოვარდნის შედეგად.
ამ მწუხარების წუთებში ვიზიარებ თქვენს მწუხარებას და ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით გულწრფელ სამძიმარს გიცხადებთ თქვენ, გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს, ასევე თურქეთის მოძმე ხალხს.
მათი სულები მშვიდობით განისვენებენ“, – ნათქვამია წერილში.