ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, “ქართული ოცნების” მთავრობაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა ხელი მოაწერა ორ დოკუმენტს, რომლებიც მიზნად ისახავს ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებას გარემოს დაცვისა და აგროსექტორის მიმართულებებით – ინფორმაციას უწყება ავრცელებს.
გაფორმებული მემორანდუმები:
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ჩინეთის ეკოლოგიისა და გარემოს სამინისტროს შორის გარემოს დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“;
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ჩინეთის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტროს შორის თანამშრომლობის თაობაზე“.
სონღულაშვილის თქმით, დოკუმენტები ხელს შეუწყობს ორმხრივი კავშირების გაღრმავებას როგორც გარემოსდაცვითი, ისე აგრარული განვითარების მიმართულებებით.
„ვიზიტის ფარგლებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრთა შეხვედრა. ზუსტად ამ შეხვედრამ უზრუნველყო შესაძლებლობა, გაფორმებულიყო მემორანდუმები როგორც გარემოს დაცვის, ისე სოფლის მეურნეობის მიმართულებებით,“ – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
უწყების ცნობით, გარემოსდაცვითი თანამშრომლობა მოიცავს ნარჩენების მართვის, ბიომრავალფეროვნების დაცვის, ეკოტურიზმისა და დაცული ტერიტორიების მართვის სფეროებს.
სოფლის მეურნეობის ნაწილში კი მთავარი ფოკუსია გამოცდილების გაზიარება და აგროწარმოების პროდუქტიულობის ზრდა.
მინისტრმა ხაზი გაუსვა კიდევ ერთ მნიშვნელოვან შედეგს გაფორმებულ შეთანხმებას, რომელიც ქათმის ხორცის ექსპორტის შესაძლებლობას ქმნის ჩინეთის ბაზარზე.
„ჩინეთის უდიდეს ბაზარზე საქართველოდან კიდევ ერთი პროდუქტის ექსპორტი გააძლიერებს აგროსექტორს და დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე,“ – აღნიშნა სონღულაშვილმა.
ცნობისთვის, ჩინეთი საქართველოსთვის ქათმის ხორცის მთავარი მომწოდებელია.9 თვეში საქართველომ 59.2 მილიონის ქათმის ხორცი იყიდა, საიდანაც 48% ჩინეთიდან იყო იმპორტირებული.