საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი კვლავ უცვლელალდ 8%-იან დონეზე დატოვა.

ამავდროულად, ეროვნულმა ბანკმა 2025 წლის ინფლაციის პროგნოზი 3.8%-დან 4%-მდე გაზარდა.

რეფინანსირების განაკვეთი, რომელზეც 180 000-ზე მეტი საბანკო სესხია მიბმული, ბოლოს გასული წლის მაისში 0.25%-ით შემცირდა.

ეროვნული ბანკის პროგნოზით, 2025 წელს ინფლაცია საშუალოდ 4% იქნება და 2026 წელს 3.5%-მდე შემცირდება. სურსათის მაღალი ფასები დროებითია და „მეორად ეფექტს“, ანუ ზეწოლას სხვა საქონელსა და მომსახურებაზე, არ გამოიწვევს.

ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში, კომიტეტი მზად არის გაამკაცროს პოლიტიკა, რათა შეინარჩუნოს ფასების სტაბილურობა და ინფლაცია საშუალოვადიან პერსპექტივაში დაახლოებით 3%-ის დონეზე.

2025 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში ფასების საერთო დონე წლიურ ჭრილში 5.2%-ით გაიზარდა, რაც გამოწვეულია სურსათის ფასების ზრდით. საბაზო ინფლაცია, რომელიც არ მოიცავს სურსათს, მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოსაა.

ეროვნულმა ბანკმა აღნიშნა, რომ თავის პროგნოზებსა და გათვლებში ითვალისწინებს გლობალური ინფლაციის რისკებს, ამიტომ არსებობს სხვადასხვა სცენარი.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2025 წლის 17 დეკემბერს გაიმართება.