ევროკომისიამ გუშინ, 4 ნოემბერს EU-ს კანდიდატი ქვეყნების შესახებ გაფართოების ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში სხვა საკითხებთან ერთად საუბარია საქართველოში მოქალაქეობის მიღების წესებზე. ანგარიში აღნიშნულია, რომ 2024 წელს საქართველოს მოქალაქეობის მიმღებთა შორის ძირითადად რუსეთის მოქალაქეები იყვნენ.
“საქართველოს მოქალაქეობა შეიძლება მიღებულ იქნეს დაბადებით, ნატურალიზაციით, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მოქალაქეობის აღდგენის, შვილად აყვანის ან წარმომავლობის საფუძველზე. საქართველო, ზოგადად, არ ითვალისწინებს ორმაგ მოქალაქეობას, თუმცა განსაკუთრებულ შემთხვევებში პრეზიდენტს შეუძლია ნებართვა მისცეს ორმაგი მოქალაქეობის შენარჩუნებაზე. მოქალაქეობის საკითხებს განიხილავს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (SSDA).
საქართველო უცხოეთის მოქალაქეებს არ სთავაზობს გარანტირებულ „ინვესტიციით მოქალაქეობის მიღების“ ან ე.წ. „ოქროს პასპორტის“ პროგრამას, თუმცა ქვეყანას აქვს მექანიზმები, რომლებიც უცხოელებს ინვესტიციის საფუძველზე აძლევს დროებითი ან მუდმივი ბინადრობის ნებართვის მიღების შესაძლებლობას.
2024 წელს საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა 3 587 პირს, რომელთაგან უმეტესობა იყო რუსეთიდან (2 361), გერმანიიდან (251) და უკრაინიდან (175) — რაც 2023 წელთან შედარებით 476-ით მეტია. ამავე პერიოდში მოქალაქეობა დაკარგა 1 592 პირმა, ძირითადად რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამო (802 შემთხვევა),”- ნათქვამია დოკუმენტში.