საქართველოში სასკოლო ოლიმპიადები არა მხოლოდ ცოდნის შემოწმების ინსტრუმენტად, არამედ მოსწავლეებისთვის დამატებითი საგანმანათლებლო შესაძლებლობების, მოტივაციისა და, სავარაუდოდ, მომავალში აკადემიური წარმატების მიღწევის საშუალებად იქცა. თუმცა, რეგიონებში, მათ შორის ჯავახეთში, სკოლის მოსწავლეები არაერთ სირთულეს აწყდებიან: სახელმწიფო ენის არცოდნა, ინფორმაციის ნაკლებობა, ცუდი მომზადება და სისტემური მხარდაჭერის არარსებობა.
ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში საგანმანათლებლო ოლიმპიადების ქსელი მნიშვნელოვნად გაფართოვდა. ნაწილს სახელმწიფო უწყებები, ნაწილს კი კერძო საგანმანათლებლო ცენტრები აწყობენ. ჩვენ შევისწავლეთ საქართველოს ყველაზე პოპულარული ოლიმპიადები და ვესაუბრეთ ახალქალაქის სკოლების მასწავლებლებსა და მოსწავლეებს იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს ეს სისტემა პრაქტიკაში.
მაია ზაზაძე პირველად მონაწილეობს http://kings.ge-ის მიერ ორგანიზებულ ინგლისური ენისა და მათემატიკის ოლიმპიადაში. მან უკვე გაიარა ინგლისური ენის პირველი ეტაპი და მოუთმენლად ელის მათემატიკის ოლიმპიადის დაწყებას.
მაიას თქმით, ინგლისური ენის ოლიმპიადაში მონაწილეობა ძალიან დადებითი გამოცდილება იყო: დავალებები საინტერესო და მიმზიდველი იყო.
ის ოლიმპიადების შესახებ მასწავლებლებისგან ან ონლაინ იგებს. მაგალითად, მაიამ იპოვა ინფორმაცია GELI ოლიმპიადის შესახებ, მაგრამ ასაკობრივი შეზღუდვების გამო ჯერ ვერ მონაწილეობს. ის ელოდება, სანამ მე-10 კლასში გადავა, რათა განაცხადი შეიტანოს.
„ადრე მეშინოდა მონაწილეობის, რადგან საკუთარ თავში დარწმუნებული არ ვიყავი. ახლა დამოუკიდებლად ვემზადები, ტესტებს ვაკეთებ, ასევე დავდივარ მათემატიკის ინდივიდუალურ გაკვეთილებზე; ჩემი მასწავლებელი მეხმარება ოლიმპიადისთვის მომზადებაში.
ძალიან მომწონს, რომ ახალ ცოდნას ვიძენ – ეს ჩემთვის ღირებული გამოცდილებაა. ყველას ვურჩევ, დარწმუნდნენ საკუთარ ძალებში და არ შეეშინდეთ მონაწილეობის. ეს საერთოდ არ არის საშიში, პირიქით, ძალიან საინტერესო და მიმზიდველია. მთავარია მომზადება, პროცესისგან სიამოვნების მიღება და გახსოვდეთ, რომ ყველა მცდელობა მნიშვნელოვანია.“
ქართული ენის უფროსი მასწავლებელი შორენა თეთვაძე აღნიშნავს, რომ ოლიმპიადები მორგებულია მოსწავლეთა არსებულ ცოდნის დონეზე. მისი თქმით, პირველი ეტაპი ჩვეულებრივ საშუალო სირთულისაა, მეორე ოდნავ რთული, ხოლო ფინალურ ეტაპზე უკვე რთული დავალებები გვხვდება.
„ჩვენ არ ვატარებთ ინდივიდუალურ გაკვეთილებს სპეციალურად ოლიმპიადისთვის, მაგრამ ვიმეორებთ და ვაჯამებთ მასალას. თემები განსხვავებულია და არასოდეს იცი წინასწარ, რას შეხვდები, ამიტომ ძირითადად ვმუშაობთ წერით მეტყველებასა და თარგმანზე – სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ზოგად უნარებზე და არა კონკრეტულ ვიწრო თემებზე,“ – აკომენტარებს შორენა.
ახალქალაქელი ოლიმპიადის მონაწილეებისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა, რომ გადავიდნენ მომდევნო ეტაპზე, მაგრამ ვერ მიიღონ მონაწილეობა, რადგან ის სხვა ქალაქში ტარდება. სუსანა ვარდევიანი სწორედ ასეთი მოსწავლეა. ორი წლის წინ ის რუსული ენის ეროვნულ საგანმანათლებლო ოლიმპიადაში მონაწილეობდა.
„დავალებები მრავალფეროვანი იყო – ზოგი ადვილი, ზოგი კი უფრო რთული. მე შევძელი მეორე ეტაპზე გადასვლა, რომელიც ახალციხეში უნდა გამართულიყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ წავედი. თუ მეორე და მესამე ეტაპები ახალქალაქში ჩატარდებოდა, უფრო დიდი ენთუზიაზმით მივიღებდი მონაწილეობას,“ – ყვება ის.
სუსანამ ოლიმპიადის შესახებ სკოლიდან გაიგო.
„ორი წელია, რაც ინფორმაცია არ მიმიღია, ამიტომ არ ვმონაწილეობ. ყველას ვურჩევ, მიიღონ მონაწილეობა – ეს მართლაც ფასდაუდებელი გამოცდილებაა.“
უფროსი მასწავლებელი შორენა თეთვაძე ადასტურებს, რომ ახალქალაქიდან მონაწილეთა რიცხვი უფრო დიდია, როდესაც ოლიმპიადები ადგილზე ტარდება.
„ჩატარების ადგილი ძალიან მნიშვნელოვანია. თუ პირველი ეტაპები აქ, ახალქალაქში ტარდება, მონაწილეთა რიცხვი მნიშვნელოვნად დიდია. მაგრამ როდესაც ეტაპები სხვა ქალაქებში იმართება, მონაწილეების რაოდენობა მცირდება: ბევრს არ აქვს ფინანსური ან სატრანსპორტო საშუალება,“ – ამბობს შორენა.
ის დასძენს, რომ ოლიმპიადების შესახებ ინფორმაციას იღებს განათლების სამინისტროს ვებგვერდიდან, Facebook-დან და სხვადასხვა ონლაინ პლატფორმიდან. სკოლები ასევე იღებენ ოფიციალურ შეტყობინებებს, დირექტორები კი, თავის მხრივ, აცნობებენ მასწავლებლებს.
შორენას თქმით, ქართული ენის არცოდნა ოლიმპიადებში მონაწილეობისთვის სერიოზული შეფერხებაა.
„ეს ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია: დავალებების გასაგებად აუცილებელია ქართულ ენაზე მინიმალური დონეზე მაინც საუბარი. ენის არცოდნა სერიოზულ ბარიერს ქმნის და ხშირად მოსწავლეებს დემოტივაციას უკეთებს.“
ჩვენს კვლევაში განვიხილეთ ექვსი სხვადასხვა ოლიმპიადა, რომლებიც ჩატარდა როგორც სახელმწიფო, ისე კერძო დონეზე. არის ონლაინ და დასწრებითი, ფასიანი და უფასო. მაგალითად, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულია. ეს სახელმწიფო კონკურსია და მასში მონაწილეობა უფასოა. მონაწილეთა რეგისტრაცია ნოემბრის დასაწყისში იგეგმება, რის შემდეგაც დეტალები განთავსდება პორტალზე naec.ge, ხოლო სკოლებს ოფიციალური წერილით ეცნობებათ.
დარჩენილი ხუთი ოლიმპიადა კერძოა. მათ შორისაა:
„ევერესტის“ ოლიმპიადა მათემატიკაში – მე-2-დან მე-6 კლასების მოსწავლეებისთვის. დასწრებითი მონაწილეობის შემთხვევაში, პირველ და მეორე ეტაპებში მონაწილეობა 25 ლარი ღირს, ხოლო ფინალურ ეტაპში მონაწილეობა უფასოა.
PEC კომბინირებული ოლიმპიადა – სხვადასხვა საგანში მე-2-დან მე-6 კლასების მოსწავლეებისთვის. ოლიმპიადის პირველ ეტაპში მონაწილეობა უფასოა.
„კინგსის“ ოლიმპიადა – ქართულ ენასა და ინგლისურში, ასევე მათემატიკაში მე-1-დან მე-12 კლასების მოსწავლეებისთვის. შესარჩევ ეტაპში მონაწილეობა უფასოა, ხოლო ფინალურ ეტაპში – 29 ლარი.
„ერუდიტის“ ოლიმპიადა – სხვადასხვა საგანში, კლასის მიხედვით. ერთი საგნის პირველ ეტაპში მონაწილეობა 15 ლარი ღირს, მეორე ეტაპში – 20 ლარი, ხოლო მესამე და ფინალურ ეტაპში – უფასოა.
„ლინგოსთარის“ ოლიმპიადა ინგლისურ ენაში – მე-3-დან მე-12 კლასების მოსწავლეებისთვის.
რა განსხვავებაა სახელმწიფო და კერძო ოლიმპიადებს შორის? შორენა თეთვაძე აღნიშნავს, რომ ისინი განსხვავდებიან როგორც შინაარსით, ისე სირთულის დონით, თუმცა ყველა ინარჩუნებს საერთო სტანდარტებს: „არის, მაგალითად, brains.ge-ის მსგავსი ოლიმპიადები, სადაც დავალებები უფრო საგანმანათლებლო-პოპულარული ხასიათისაა.“
რაც შეეხება ონლაინ ოლიმპიადებს, შორენა ამბობს, რომ ადგილობრივი მოსწავლეები იშვიათად მონაწილეობენ მათში, თუმცა ის საპირისპიროსკენ მოუწოდებს.
„ყველა ოლიმპიადა დიდი პლუსია. მაშინაც კი, თუ შეცდომებს უშვებ, იწყებ მეტი კითხვას, პასუხების ძებნას და განვითარებას. ეს ზრდის ინტერესს და სრულყოფის სურვილს.“
ფასიანი ოლიმპიადები ასევე არ სარგებლობს პოპულარობით ახალქალაქელ მოსწავლეებში, რადგან ყველა ოჯახს არ აქვს ამისთვის საჭირო ფინანსური საშუალება.
შორენა აღნიშნავს, რომ მისი აზრით, სისტემა უნდა შეიცვალოს, რათა მეტი ადამიანი წახალისდეს ოლიმპიადებში მონაწილეობის მისაღებად და ისინი უფრო სასარგებლო გახდეს.
„პირველ რიგში, ვისურვებდი, რომ ოლიმპიადები უფრო შემეცნებითი იყოს. მეორე, ვისურვებდი, რომ ისინი ჩატარდეს არა მხოლოდ დიდ ქალაქებში, არამედ ჩვენთან, რეგიონებშიც. მესამე, უნდა ავწიოთ ამ ღონისძიებების შესახებ ინფორმირებულობა და უფრო აქტიურად მოვახდინოთ მათი პოპულარიზაცია. და, რა თქმა უნდა, მონაწილეები დავაჯილდოოთ არა მხოლოდ სერტიფიკატებით, არამედ ღირებული პრიზებით, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მოტივაციას,“ – ასკვნის ის.
თამარა პარაკესიკიან