ახალქალაქში ცივი ამინდები უკვე დადგა და გარე სამუშაოები ნელ-ნელა ჩერდება. მიუხედავად იმისა, რომ წლის ბოლომდე მხოლოდ ორი თვე დარჩა, ქალაქის რიგი ქუჩები სავალალო მდგომარეობაშია.

Jnews-მა გამოიკვლია, რომელ ქუჩებს აქვს ჯერ კიდევ ორმოები, რომლებიც წელს საჭიროებს შეკეთებას. ყველაზე პრობლემურ ქუჩებს შორისაა ნალბანდიან-ჭავჭავაძის კვეთა, აღმაშენებლის პირველი ჩიხი, ნაზარეთიან-ერევანიანის კვეთა, ასევე ნაზარეთიანის, შარლ აზნავურის, თამარ თაგუჰის და აღამალიანის ქუჩები. ამ ადგილებში ღრმა ორმოები გაჩნდა და წვიმების შემდეგ ადგილზე დაგროვილი წყალი კიდევ უფრო ართულებს გადაადგილებას.

მნიშვნელოვანია იმის გაგება, დასრულდება თუ არა წელიწადი ასე, თუ საბოლოოდ განხორციელდება დაგეგმილი ორმოების შევსების სამუშაოები.

20251028_133139

Jnews-თან საუბარში ახალქალაქის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსმა, არა მოვსისიანმა, აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან სხვა ქუჩების ორმოულად შეკეთების სამუშაოები არ მიმდინარეობს.

„სამუშაოები არ მიმდინარეობს, თუმცა თუ ამინდის პირობები ხელსაყრელი იქნება, შესაძლოა, უახლოეს 15-20 დღეში ახალი სამუშაოები დაიწყოს,“ – განაცხადა მან.

ახალქალაქის არაერთი ქუჩა კვლავ არასახარბიელო მდგომარეობაშია.

მოსახლეობის თქმით, განსაკუთრებით ცუდ მდგომარეობაშია თბილისის ქუჩა. გზის მთელ სიგრძეზე ღრმა და დიდი ორმოებია.

„იმედი გვქონდა, რომ წელს გზის სრული რეაბილიტაცია დაიწყებოდა, რადგან მხოლოდ ორმოების შეკეთება პრობლემას ვერ მოაგვარებს,“ – აღნიშნა თბილისის ქუჩის ერთ-ერთმა მცხოვრებმა.

IMG_3233

არა მოვსისიანის ინფორმაციით, წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან ქალაქისა და რაიონის სოფლების გზების კეთილმოწყობისთვის 450 000 ლარი გამოიყო.

„წელი ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ გეგმით გათვალისწინებულზე მეტი სამუშაო შესრულდა,“ – ხაზი გაუსვა მან.

სამუშაოებს ახორციელებს კომპანია „ჯავახავტოგზა“, რომელმაც წლის დასაწყისში 1,350,000 ლარის ღირებულების ტენდერში გაიმარჯვა. ტენდერი ორ წელზეა გათვლილი: 450 000 ლარი 2025 წლისთვის და 900 000 ლარი 2026 წლისთვის. ხელშეკრულების თანახმად, ყველა სამუშაო 2026 წლის 30 ნოემბრამდე უნდა დასრულდეს.

IMG_3217

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას ქალაქის ჯავახეთის ქუჩაზე განხორციელდა ორმოული შეკეთების სამუშაოები, რომელიც ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსდა და იმავე კომპანიის – „ჯავახავტოგზა“-ს მიერ შესრულდა.

წაიკითხეთ ასევე
ახალქალაქში ორმოების ამოვსების საკითხი კვლავ პრობლემურია

ფოტოები 29 ოქტომბერს არის გადაღებული

ავტორი ჰნაზიკ ავეტისიან