საქართველო 2025 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსს უმასპინძლებს. როგორც ცნობილია, 2025 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 13 დეკემბერს, თბილისში გაიმართება.
კონკურსის დაფინანსება საქართველოს ბიუჯეტიდან 870 000 ლარით იზრდება და 9 034 280 ლარს მიაღწევს. შესაბამისი ცვლილებები შევიდა 2025 წლის 6 აგვისტოს დადგენილებაში „2025 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ორგანიზებისთვის დაგეგმილი გარკვეული ღონისძიებების დაფინანსების შესახებ“, რომლის მიხედვითაც ღონისძიებისთვის 8 164 280 ლარი უნდა გამოყოფილიყო.
დოკუმენტში, კერძოდ, ნათქვამია, რომ ამ თანხიდან 8 მილიონი ლარი კულტურის სამინისტროსთვისაა გამოყოფილი, 164 280 ლარი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის, ხოლო 870 ათასი ლარი მთავრობის სპეციალური კომუნიკაციების სააგენტოსთვის.
აღსანიშნავია, რომ ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსი საქართველოში ტარდება. პირველი საერთაშორისო სიმღერის კონკურსი 2017 წელს, თბილისში გაიმართა.