კიშინიოვში (მოლდოვა) 23 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში გაიმართა. 73 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი ახალქალაქიდან წარმოშობით სერბიის წარმომადგენელმა სოს ხაჩატრიანმა მოიპოვა. ამავე კატეგორიაში ვერცხლის მედალი კი ქართველმა მათე ბერუაშვილმა მოიპოვა. საქართველოს ნაკრებმა ასევე პირველი ადგილი დაიკავა შერეულ გუნდურ შეჯიბრში.
73 კგ წონით კატეგორიაში ხაჩატრიანმა მოლდოვას, ლატვიისა და იტალიის წარმომადგენლები დაამარცხა, ხოლო ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში უნგრელი ძიუდოისტი დაამარცხა.
გადამწყვეტი მატჩი დრამატულად დასრულდა: სომეხმა სპორტსმენმა გამარჯვების ქულა ბოლო წამებზე წაართვა და პოდიუმზე დამსახურებული ადგილი დაიკავა.
ამ კატეგორიაში ოქროს მედალი რუმინელმა იოან ძიტაჩმა მოიპოვა, ვერცხლის მედალი – ქართველმა მათე ბერუაშვილმა, ხოლო მეორე ბრინჯაო – პორტუგალიელმა ოთარი კვანტიძემ.
23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა შერეულ გუნდურ შეჯიბრში ფინალში საფრანგეთის ნაკრები 4-3 დაამარცხა და ზედიზედ მეორედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონის ტიტული.
გიორგი ტერაშვილმა (73 კგ) გადამწყვეტი მატჩი ჩაატარა და საქართველოს ნაკრებს ოქროს მედლები მოუტანა.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე შემდეგი შემადგენლობით გამოვიდა: ნინო ლოლაძე (57 კგ), გიორგი ტერაშვილი (73 კგ), ნინო წიკლაური (70 კგ), გიორგი ჯაბნიაშვილი (90 კგ), ლიზი კვარცხავა (+70 კგ) და შალვა გურეშიძე (+90 კგ).