„ქართული ოცნების“ მთავრობის ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე ამბობს, რომ სახელმწიფოს კუთვნილი წყლის მიმწოდებელი კომპანიის, „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დანახარჯი ბევრად მეტია, ვიდრე მისი შემოსავლები.

მან სადავო პარლამენტში ინტერპელაციის დროს სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ტარიფის გაზრდის მოთხოვნით მარეგულირებელ კომისიას მიმართავენ.

„დღეს თბილისში არსებული ტარიფები მკვეთრად განსხვავდება რეგიონში არსებული ტარიფებისგან, მაშინ, როდესაც რეგიონებში წყლის მიწოდება გაცილებით უფრო მეტ კაპიტალდანახარჯს მოითხოვს, ვიდრე ეს არის თბილისი. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა არის მნიშვნელოვანი, გამომდინარე იქედან, რომ ვერ უზრუნველყოფს კომპანია თავისი საოპერაციო ხარჯების მინიმალურ გასტუმრებასაც კი დღეს არსებული ტარიფებით“, – თქვა სოხაძემ.

იმ დასახლებებში, სადაც მოსახლეობას წყალს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ აწვდის, წყლის ტარიფი არ გაზრდილა 2011 წლის შემდეგ.

1მ3-ის ფასი 0,423 ლარია;
გაუმრიცხველიანებელი აბონენტი იხდის სულზე 2,03 ლარს.
დედაქალაქში გამრიცხველიანებული აბონენტების ტარიფი მსგავსია, თუმცა მნიშვნელოვნად აღემატება კომერციული მომხმარებლებისა და გაუმრიცხველიანებელი აბონენტების ტარიფები.

რევაზ სოხაძის თქმით, ახალი ტარიფის დადგენის მოთხოვნით სემეკს 2026 წელს მიმართავენ, ახალი ფასები კი 2027 წლიდან ამოქმედდება. საბოლოო გადაწყვეტილება სემეკმა უნდა მიიღოს – გადაწყვეტილების მიღების დროს ითვალისწინებენ კომპანიის დანახარჯებსა და ინვესტირების გეგმას.