2025 წლის ცხრა თვის განმავლობაში საქართველომ 972 მილიონი დოლარის ღირებულების 1.3 მილიონი ტონა ნავთობპროდუქტები შეიძინა. თანხობრივად ნავთობის იმპორტი 1%-ით არის შემცირებული, თუმცა რაოდენობრივად მისი მოცულობა 10%-ით არის გაზრდილი. აღნიშნულის მიზეზი კი გლობალურ ბაზარზე საწვავის ფასების შემცირებაა, რაც განსაკუთრებულად მიმდინარე წლის პირველ ნახევარში აღინიშნებოდა.

ნავთობის მომწოდებელ ქვეყნებს შორის საქართველოსთვის პირველ ადგილზე კვლავ რუსეთია, საიდანაც წელს 387 მილიონი დოლარის ღირებულების საწვავის შეძენა მოხდა. თანხობრივად რუსეთიდან საწვავის მოწოდება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.4%-ით არის შემცირებული. მეორე პოზიციას 183 მილიონი დოლარით რუმინეთი იკავებს, საიდანაც იმპორტი 68%-ით გაიზარდა. ასევე 13%-ით გაიზარდა იმპორტი ბულგარეთიდან, თურქეთიდან ზრდა 27%-ია, აზერბაიჯანიდან კი საწვავის მოწოდება 13%-ით შემცირდა.

შესაბამისად, მიმდინარე წელს საქართველომ შეამცირა ნავთობის შესყიდვა რუსეთიდან და გაზარდა ალტერნატიული მომწოდებლებისგან.