30 ოქტომბერს, ახალქალაქში, 4 ოქტომბერს გამართული მუნიციპალური არჩევნების შემდეგ არჩეული ახალი საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართება. ახალი შემადგენლობა დაკომპლექტებული იქნება მხოლოდ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისგან. საკრებულოს შემადგენლობაში ხუთი ანაზღაურებადი თანამდებობა დაემატება.
2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნების შედეგად არჩეული საკრებულოს პირველი სხდომა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის ახალქალაქში, 30 ოქტომბერს, 11:00 საათზე გაიმართება. ახლად არჩეული მერებისა და მუნიციპალური საკრებულოების წევრების უფლებამოსილება ძალაში 29 ოქტომბრიდან შევა.
საარჩევნო კოდექსის 151-ე მუხლის თანახმად, საკრებულოს პირველი სხდომა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უნდა მოიწვიოს არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 30 დღის ვადაში.
ახლად არჩეული საკრებულოს სხდომა იხსნება, თუ მასზე რეგისტრირებულია წევრების ნახევარზე მეტი. პირველ სხდომას შესაბამისი რაიონული საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ხსნის.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სხდომას 41-ე ოლქის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ჰასმიკ მარანგოზიანი გახსნის. საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე სხდომას გაიოზ ლომსაძე უხელმძღვანელებს, როგორც მუნიციპალური საკრებულოს უხუცესი წევრი.
პირველი სხდომა შემდგარად ითვლება, თუ საკრებულოს წევრების სულ მცირე ორი მესამედის უფლებამოსილება იქნება ცნობილი. ამ მომენტიდან წინა მოწვევის დეპუტატების უფლებამოსილება წყდება.
თუ დეპუტატების ორ მესამედზე ნაკლების უფლებამოსილება იქნება ცნობილი, სხდომა შეწყდება. ასეთ შემთხვევაში ცენტრალური საარჩევნო კომისია მომდევნო სხდომას 10 დღის ვადაში მოიწვევს. თუ ამის შემდეგაც ვერ მოხერხდება დეპუტატთა საჭირო რაოდენობის უფლებამოსილების ცნობა, დაინიშნება ხელახალი არჩევნები.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების საერთო რაოდენობა 38-ია, საიდანაც 23 დეპუტატი არჩეულია მაჟორიტარული ოლქებიდან, ხოლო 15 – პარტიული სიებით. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალი შემადგენლობა იქნება ერთპარტიული, რომელიც დაკომპლექტდება მხოლოდ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებით.
ახალქალაქში „ქართული ოცნების“ გარდა, პროპორციული წესით არჩევნებში მონაწილეობა მიიღო კიდევ სამმა პარტიამ: „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ (8 კანდიდატი), „ძლიერი საქართველო – ლელო“ (9 კანდიდატი) და „გახარია საქართველოსთვის“ (7 კანდიდატი). თუმცა, მათგან ვერცერთმა ვერ გადალახა 4%-იანი ბარიერი.
თითოეულ მუნიციპალიტეტში საკრებულო წარმოდგენილია ხუთი კომისიით, რომელთაგან თითოეულს თავმჯდომარე ხელმძღვანელობს. ახალი კანონის თანახმად, თითოეულ საკრებულოს დამატებით ეყოლება ხუთი თანამდებობის პირისგან შემდგარი საშტატო ერთეული, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეულ კომისიას ეყოლება მოადგილეც. ადრე „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ კომისიის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას არ ითვალისწინებდა.
მმართველი პარტია დარწმუნებულია, რომ ეს ცვლილებები გააძლიერებს საკრებულოსა და მისი კომისიების მუშაობას.