შემოდგომაზე, როდესაც სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები მთავრდება, ჩვენი რეგიონის მინდვრებს კვლავ კვამლი ფარავს. შეიძლება ჩანდეს, რომ დაწვა მინდვრის გასუფთავების სწრაფი საშუალებაა, მაგრამ სინამდვილეში, ეს ქმედება მიმართულია ჩვენივე მიწის, ჩვენი შემოსავლისა და ჩვენი ჯანმრთელობის წინააღმდეგ.

მცენარის ნარჩენების დაწვის შედეგად, ერთ ჰექტარზე ნადგურდება დაახლოებით ოთხი ტონა ორგანული ნივთიერება, რაც ნიადაგის ნაყოფიერების ძირითადი წყაროა.

ბევრმა უბრალოდ არ იცის, რომ გარდა იმისა, რომ ეს კანონით დასჯადი ქმედებაა, ის საზიანოა საკუთარი მიწის ნაკვეთისთვის. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევა იწვევს 500 ლარის ოდენობით ჯარიმას.

ბევრის აზრით, ჩალის დაწვით მოცილება ხელს უწყობს მინდვრის ახალი ნათესებისთვის მომზადებას, თუმცა სინამდვილეში ეს აზიანებს ნიადაგსა და გარემოს: დაწვის დროს ატმოსფეროში გამოიყოფა დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგი, რაც ხელს უწყობს გლობალურ დათბობას, დამწვარი მიწის აღდგენას წლები სჭირდება, ხოლო მიღებული ნაცარი სასუქი არ არის, რადგან დაწვის შედეგად ნადგურდება ნიადაგის სასარგებლო მიკროორგანიზმებიც.

გარემოსდამცველი რამაზ ხუციშვილი აცხადებს, რომ გარემოსთვის მიყენებული ზიანის გარდა, მინდვრების დაწვა აკრძალულია “ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ” კანონით.

«არსებობს ტექნიკური გადაწყვეტილებებიც: დღეს არის სპეციალური ჩოპერული (მჭრელი) მოწყობილობები, რომლებიც მაგრდება კომბაინზე და აპატარავებს დარჩენილ ჩალას, შემდეგ კი მთელ მინდორზე ფენს. ახალქალაქის რაიონში ტექნიკა არის, მაგრამ ცოტა იყენებენ. გავითვალისწინოთ, რომ ჩვენთან ქერს ნაკლებად თესავენ. ღირებულება დაახლოებით 20 ლარია და გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ნიადაგისთვის საუკეთესო ინვესტიციაა. ნიადაგის ნაყოფიერების შესანარჩუნებლად რომც იქნას გამოყენებული მოსავლის როტაციის მეთოდი, მაგრამ მცენარის ნარჩენები დაიწვას, ეს არანაირ შედეგს არ მოგვცემს», – თქვა რამაზ ხუციშვილმა.

რამაზი ბუნებრივი საშუალებებით პრობლემის გადაჭრას მაინც ხედავს.

«მოსახლეობა გამოცდილებას ეყრდნობა, მოსავლის როტაციის მეთოდს. თუ ყოველწლიურად სხვადასხვა მცენარეს დათესავენ, ნიადაგს ორგანული საკვებით გაამდიდრებენ, დაინახავენ შედეგს და ყოველთვის დაიცავენ თანმიმდევრობას. აუცილებელია შევადაროთ ყოველწლიურად კარტოფილის დათესილი მინდვრის და კარტოფილის ნაცვლად სხვა მცენარით დათესილი მინდვრის მოსავლიანობა. იგივე ეხება დამწვარ მინდვრებს. შევადაროთ დამწვარი და ჩვეულებრივი მინდვრის მოსავლიანობა და ვიგრძნოთ განსხვავება», – თქვა რამაზ ხუციშვილმა.

მცენარეების ნარჩენები შეიძლება გადაკეთდეს ღირებულ ორგანულ სასუქად:

კომპოსტირება: ფოთლებისა და ღეროების ერთ ადგილას შეგროვება, რითაც მიიღება ბუნებრივი ეკოლოგიური სასუქი.

ბუნებრივი ლპობა: ფოთლებისა და ჩალის მინდორში დატოვება, რათა ისინი თანდათანობით დაილპოს და ნიადაგს დაუბრუნოს საკვები ნივთიერებები.

Jnews ესაუბრა მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის მაცხოვრებელს. ეს მათთვის დამატებითი ფიზიკური შრომაა.

«კარტოფილის ღეროების შეგროვება ან გადატანა დამატებითი ფიზიკური შრომაა, მაგრამ მინდორში დატოვებაც არ შეიძლება. ხვნას ძალიან უშლის ხელს და შესაძლოა ტექნიკაც დაზიანდეს», – ამბობენ მაცხოვრებლები.

პრობლემის გადასაჭრელად ჯარიმების გარდა, აუცილებელია მოსახლეობის ინფორმირება.

ასევე წაიკითხეთ:
ფოთლების დაწვა სახიფათოა ბუნებისა და ჯიბისთვის

ავტორი ჰნაზიკ ავეტისიან