ახალქალაქის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები 22 ოქტომბერს მკერდის კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის თვეს შეუერთდნენ და პაციენტებს სოლიდარობა გამოუცხადეს.

უკვე 30 წელია, რაც ყოველი წლის ოქტომბრის თვე მთელ მსოფლიოში მკერდის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას ეძღვნება. ეს არის პერიოდი, როდესაც ექიმები და ჯანდაცვის ორგანიზაციები გვახსენებენ, რომ რეგულარულმა შემოწმებებმა შეიძლება სიცოცხლე გადაარჩინოს.

პერიოდული სკრინინგი ხელს უწყობს დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენას, რაც სიკვდილიანობის მაჩვენებელს 93%-მდე ამცირებს. სკრინინგი ტარდება 40-დან 70 წლამდე ასაკის ქალებში, ორ წელიწადში ერთხელ და მოიცავს:
— მამოგრაფიას,
— საჭიროების შემთხვევაში
– მკერდის ულტრაბგერით კვლევას,
— ბიოფსიას ულტრაბგერითი კონტროლით,
— ბიოფსიური მასალის ციტოლოგიურ კვლევას.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, ყოველწლიურად მსოფლიოში დაახლოებით 2.3 მილიონი ახალი შემთხვევა რეგისტრირდება და დაახლოებით 650 ათასი ქალი იღუპება ამ დაავადებით. ეს მაჩვენებლები მიუთითებს, რომ პრობლემა კვლავ ძალიან აქტუალურია.

ძუძუს კიბოს შემთხვევების შემცირება შესაძლებელია ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვით. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ფაქტორები, რომელთა შეცვლა შეუძლებელია, როგორიცაა ასაკი ან გენეტიკური მიდრეკილება, არსებობს ისეთი ფაქტორებიც, რომლებიც ჩვენს კონტროლს ექვემდებარება: ჯანსაღი კვება, წონის კონტროლი, ფიზიკური აქტივობა.

ჰნაზიკ ავეტისიან