საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბოლო ორი დღის განმავლობაში შეკრებისა და მანიფესტაციის (აქციის) ჩატარების წესის დარღვევისთვის კიდევ 14 პირი დააკავეს. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ განაცხადა.

მისი თქმით, 2024 წლის 17 ოქტომბრიდან ძალაში შესული საკანონმდებლო ცვლილებებით, აღნიშნული დარღვევებისთვის გამკაცრებული რეგულაციები დაწესდა. ამ საფუძვლით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, ბოლო ორი დღის განმავლობაში დაკავებულია 14 პირი, რომელთა ინიციალებია: ა.გ., ქ.ც., თ.თ., დ.ა., უ.გ., დ.ე., ი.ქ., ქ.მ., ბ.ქ., ბ.ქ., ნ.ბ., ს.ჯ. და თ.ს.

დაკავებულთაგან ერთი გადაყვანილია ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში იძულებითი მკურნალობის მიზნით, რის გამოც მისი ინიციალები არ სახელდება.

სირაძემ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან შეკრებილი დემონსტრანტების რიცხვი დიდი არ არის, ისინი ხელოვნურად კეტავენ გზის სავალ ნაწილს და ხელს უშლიან ტრანსპორტის მოძრაობას. გარდა ამისა, ზოგიერთ დემონსტრანტს სახე აქვს დაფარული, რაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ითვლება.

შსს-მ განაცხადა, რომ ბოლო სამი დღის განმავლობაში შეკრების მონაწილეთა მიერ დაფიქსირდა კანონის დარღვევის 53 შემთხვევა, საიდანაც 42 სამართალდარღვევად იქნა მიჩნეული. მათი ნაწილი უკვე დაკავებულია, ხოლო დანარჩენის მიმართ მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება და საქმეები უახლოეს დღეებში გადაეგზავნება სასამართლოს.

დასასრულს, შსს-მ კიდევ ერთხელ მოუწოდა საპროტესტო აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს დაიცვან კანონის მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართალდამცავები კანონით დადგენილი წესით მიიღებენ ზომებს ყველა სამართალდამრღვევის იდენტიფიცირებისა და დასჯისთვის.