შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ახალქალაქის ცენტრი 30 მაისიდან არ ფუნქციონირებს. მიზეზი შენობაში მიმდინარე რემონტი და რეკონსტრუქციაა. ახალქალაქისა და მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლები უკვე 5 თვეა ვერ სარგებლობენ სააგენტოს სერვისებით.
სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ 2025 წლის 27 თებერვალს ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა, რომლის საწყისი ღირებულება 1,413,814.00 ლარს შეადგენდა.
ტენდერში მონაწილეობა მიიღო ორმა კომპანიამ: შპს „პერსპექტივამ“ და შპს „NEW PALACE“-მა. გაიმარჯვა შპს „პერსპექტივამ“ 1,311,844.00 ლარით. ახალქალაქში სარემონტო სამუშაოებისთვის გათვალისწინებული ხარჯი შეადგენს 796,425.79 ლარს, ხოლო ახალციხეში – 515,418.21 ლარს.
ახალქალაქსა და ახალციხეში სამუშაოების შესრულებისთვის, კონტრაქტის მიხედვით, სულ 135 დღეა გამოყოფილი. მათ შორის: 75 დღე ახალციხეში სამუშაოდ და 60 დღე ახალქალაქში სამუშაოდ. ხელშეკრულება გაფორმდა 2025 წლის 5 მაისს.
კონტრაქტის თანახმად, რეკონსტრუქციის სამუშაოები თავდაპირველად ახალქალაქის სააგენტოს ტერიტორიაზე უნდა ჩატარებულიყო, შემდეგ კი ახალციხის სააგენტოს ტერიტორიაზე.
ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადა ამოიწურა, თუმცა ახალქალაქის შენობაში სამუშაოები ჯერ არ არის დასრულებული. სამუშაოების დასრულების ვადებთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, Jnews-მა მიმართა კომპანია „პერსპექტივას“ მენეჯერს, ბექა წიკლაურს. მან დაგვარწმუნა, რომ სამშენებლო სამუშაოებს მალე მთლიანად დაასრულებენ.
„მაქსიმუმ დაახლოებით 10 დღეში დავასრულებთ“, — განაცხადა შპს „პერსპექტივას“ მენეჯერმა, ბექა წიკლაურმა.
მენეჯერმა აღნიშნა, რომ ახალქალაქის სამშენებლო სამუშაოების პარალელურად, ახალციხეშიც მიმდინარეობდა სამუშაოები.
კითხვაზე, თუ რატომ ვერ დაასრულეს სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, მან უპასუხა: „იყო გარკვეული მიზეზები და ტექნიკური პრობლემები“.
აღვნიშნავთ, რომ ახალქალაქის მომსახურების ცენტრში არაერთი სამუშაო შესრულდა, მათ შორის: სრული კაპიტალური რემონტი, ასფალტის დაგება, შენობის შიდა და ფასადის შეკეთება და ა.შ.
ცენტრში სამუშაოების შეჩერებამდე, ახალქალაქის მაცხოვრებლები ცენტრის მომსახურებით მხოლოდ პარასკევობით სარგებლობდნენ. რა ცვლილებები ელოდებათ ახალ გარემონტებულ მომსახურების ცენტრში, ამას მისი ამოქმედების შემდეგ გამოვაქვეყნებთ.
მანამდე კი, ახალქალაქელები იძულებულნი არიან დახარჯონ დრო და სახსრები, რომ ახალციხემდე ჩავიდნენ მართვის მოწმობის შესაცვლელად, მანქანის საკუთრებაში გადასაცემად, ან სხვა სერვისებით სარგებლობისთვის.
ამ თემაზე: შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ახალქალაქში მუშაობას ჯერ არ განაახლებს