ახალქალაქის სოფლის დასახლებებში, სადაც ცენტრალიზებული საკანალიზაციო სისტემები არ არსებობს, მოსახლეობა ეძებს ალტერნატიულ, ეკოლოგიურად უსაფრთხო გადაწყვეტილებებს. Jnews-მა გაარკვია, რომ მუნიციპალიტეტის სკოლამდელი და სასკოლო დაწესებულებები ვალდებულნი არიან და უკვე აქვთ დამონტაჟებული ანტისეპტიკური სისტემები.

საყოფაცხოვრებო ჩამდინარე წყლების გაწმენდის საკითხი უმნიშვნელოვანესია როგორც ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ისე გარემოს დაცვისთვის.

ცენტრალური კანალიზაციის არარსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია ადგილობრივი გადაწყვეტილებების გამოყენება. მათ შორისაა: სეპტიკური სისტემები, რომლებიც პერიოდულად იცლება, და ბიოლოგიური გამწმენდი ნაგებობები, სადაც წყალი ბაქტერიების დახმარებით იწმინდება.

ბიოლოგიური გამწმენდი ნაგებობების წყალობით, გაწმენდილი წყლის მეორადი გამოყენებაა შესაძლებელი, მაგალითად: მინდვრების სარწყავად ან სხვა ტექნიკური მიზნებისთვის.

მცირე თემებისთვის ბიოლოგიური გაწმენდის სისტემა ყველაზე ეფექტურ და ხელმისაწვდომ ვარიანტად ითვლება. ეს არის დახურული, კონტროლირებადი და ბუნებისთვის მეგობრული სისტემა, რომელიც ასუფთავებს საყოფაცხოვრებო ჩამდინარე წყლებს (სამზარეულო, აბაზანა, ტუალეტი) ქიმიური ნივთიერებების გამოყენების გარეშე.

საქართველოში 2014 წლიდან მოქმედი კანონის თანახმად, ყველა სახელმწიფო დაწესებულება, ასევე კერძო ბიზნესი, დასასვენებელი და სავაჭრო ცენტრები ვალდებულნი არიან გამოიყენონ სეპტიკური სისტემები ან სხვა გამწმენდი საშუალებები.

ეს ნიშნავს, რომ 2014 წლიდან სკოლები და საბავშვო ბაღები ვალდებულნი არიან ჰქონდეთ ანტისეპტიკური სისტემები, მათ შორის ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მოქმედი საგანმანათლებლო დაწესებულებები.

Jnews სოფელ სულდაში იმყოფებოდა, სადაც ახალი სკოლა შენდება. სკოლის მოსწავლეები ჯერ კიდევ ძველ სკოლაში დადიან, სადაც სეპტიკური სისტემა უკვე 3 წელია ფუნქციონირებს. ახალ სკოლასაც ექნება ანტისეპტიკური სისტემა.

„ძველ სკოლაში ერთადერთი საკითხი, რაც გადაჭრილია, ტუალეტის კანალიზაციაა. უკვე სამი წელია სეპტიკური სისტემაა დამონტაჟებული“, — განაცხადა სოფელ სულდის სკოლის მეურნეობის გამგემ, საღათელ აფოიანმა.

სპეციალისტების აზრით, ბიოლოგიური გაწმენდის სისტემები სოფლის დასახლებებისთვის რეალური და პერსპექტიული გადაწყვეტაა.

„ჯერ ერთი, საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია საყოფაცხოვრებო ნარჩენების წყლის ობიექტებში ჩაშვება. ამ სისტემის მეთოდები მნიშვნელოვნად ამცირებს გარემოს დაბინძურების რისკებს, ხელს უწყობს ჯანსაღი საცხოვრებელი პირობების შექმნას და გრძელვადიან პერსპექტივაში ეკონომიკურად მომგებიანი ინვესტიცია ხდება“, — განაცხადა კომპანია „ჰიდრო გრუპის“ ხელმძღვანელმა, სოფო სტურუამ.

„ჰიდრო გრუპის“ ხელმძღვანელის თქმით, ბიოლოგიური გაწმენდის სისტემები შესაძლებელია დამონტაჟდეს როგორც ცალკეულ ოჯახებში, ასევე საზოგადოებრივ დონეზე. მაგალითად, თეთრი წყაროში მერიამ ორი სოფლისთვის ააშენა 100 კუბური მეტრის მოცულობის გამწმენდი ნაგებობები, რომელთაგან თითოეული 80,000 ევრო ღირს.

ინდივიდუალური ვარიანტის ღირებულება მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით იანგარიშება: მაგალითად, 6-კაციანი ოჯახისთვის სისტემის ღირებულება დაახლოებით 2000 ევროა, ხოლო თუ რამდენიმე მეზობელი ოჯახი ერთად შეიძენს მას, თითოეულის ხარჯი შეიძლება 1000 ევრომდე შემცირდეს. სწორი დაპროექტების შემთხვევაში, ასეთ სისტემას შეუძლია მინიმალური მოვლით ათობით წელი იმუშაოს.

სახელმწიფოს მხრიდან ამჟამად მსგავსი სისტემებისთვის სუბსიდიები არ არსებობს. საქართველოს ერთადერთი რეგიონი, რაჭაა, სადაც საქველმოქმედო ორგანიზაცია „კარიტასის“ და ჩეხეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ბიოლოგიური გამწმენდი ნაგებობა დამონტაჟდა.

მთავარი ფოტო: ინტერნეტიდან

ავტორი-ჰნაზიკ ავეტისიანი