
მიუხედავად იმისა, რომ უახლესი ტექნოლოგიების დანერგვამ მედიცინაში ხელი შეუწყო ბავშვებში სხვადასხვა დაავადების უფრო ადრეულ ასაკში გამოვლენასა და მკურნალობას, 21-ე საუკუნეშიც კი ჯერ კიდევ ბევრი მშობელია, რომლებსაც რცხვენიათ შვილის ავადმყოფობის და მალავენ მას, რითაც უფრო მეტ ზიანს აყენებენ ბავშვს.
მშობლების ნაწილი მართლაც ვერ ამჩნევს დაავადების ადრეულ ნიშნებს შვილთან, ხოლო ნაწილი – ხვდება, მაგრამ ჭორებისა თავიდან ასაცილებლად მალავს ამ ფაქტს.
დღეს სახელმწიფო და საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულებები ადგენენ ისეთ პროგრამებს, რომლებიც სასარგებლო იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის.
სოციალური მომსახურების სააგენტოს ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 127 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვანი ცხოვრობს.
ახალქალაქის მერია მხარს უჭერს ასეთ ბავშვებს და დახმარებას უწევს მათ. მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების სამსახურის უფროსის, ანაჰიტ იორდანიანის თქმით, 125 არასრულწლოვანი (განსხვავებაა, რადგან ყველა არ მიმართავს მერიას დახმარებისთვის) სარგებლობს სოციალური პაკეტებით და იღებს მერიისგან მხარდაჭერას.
საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ყველა ბავშვი, მიუხედავად ეროვნებისა, სქესისა, რასისა თუ რელიგიური კუთვნილებისა, ვალდებულია დაესწროს სკოლას და მიიღოს ხარისხიანი განათლება.
კითხვაზე, თუ რამდენად დადიან ბავშვები სკოლაში, ანაჰიტ იორდანიანმა უპასუხა, რომ ეს საკითხი თითქმის 90%-ით არის მოგვარებული.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის, მათი დიაგნოზირებული სტატუსის შესაბამისად, დგინდება, სჭირდებათ თუ არა მათ სპეციალური მასწავლებელი. დღეს, როდესაც ვათვალიერებთ ვაკანსიების საიტებს, ხშირად ვნახავთ, რომ ახალქალაქის რომელიმე სკოლა სპეციალურ მასწავლებელს ეძებს.
თუმცა, არის კიდევ ერთი პრობლემა: ამჟამად ახალქალაქის რაიონის ყველა სკოლა არ არის სათანადოდ აღჭურვილი ასეთი ბავშვების მისაღებად. მაგალითად, სკოლების უმეტესობაში არ არის პანდუსები და ლიფტები, რომლებიც აუცილებელია გადაადგილების პრობლემების მქონე ბავშვებისთვის.
ბავშვის პრობლემების დამალვა უფრო ადვილია, თუ ის ვიზუალურად არ ჩანს, ანუ თუ ბავშვი ფიზიკურად არ განსხვავდება სხვა ბავშვებისგან. ხშირად, როდესაც მშობლებს ეკითხებიან ბავშვის არაფსიქიკური პრობლემის შესახებ, ისინი პასუხობენ: „არა, რა პრობლემა, ბავშვია, გაიზრდება და გაუვლის“.
Jnews-მა ესაუბრა ახალქალაქის რაიონის ერთ-ერთი სოფლის სკოლის მასწავლებელს. მან ისაუბრა ბავშვზე, რომელსაც აქვს პრობლემა, მაგრამ არ აქვს შესაბამისი დიაგნოზი.
„პირველივე დღიდან შევნიშნე, რომ ბავშვს გარკვეული პრობლემები აქვს. ბავშვი უმიზეზოდ შეიძლება მოულოდნელად გაბრაზდეს, იტიროს, დაყაროს საკანცელარიო ნივთები და ა.შ. მას ასევე აქვს მეტყველების და აზრის გამოხატვის პრობლემა“, -აღნისნა მასწავლებელმა.
„ბავშვს არ აქვს სტატუსი, რადგან მშობლები თავს არიდებენ ამას. მათ ჰგონიათ, რომ ეს სირცხვილია, მაგრამ ამით ისინი საკუთარ შვილს ვნებენ. თუ ბავშვს არ აქვს დიაგნოზირებული დაავადება, შესაბამისად, მას არ ექნება გარკვეული სტატუსი, და სკოლას არ ექნება უფლება, ამ ბავშვს სპეციალური მასწავლებელი გამოუყოს. სპეციალური მასწავლებლის გარეშე კი რთულია კარგი შედეგის მიღწევა“, — განაგრძო მასწავლებელმა და დასძინა, რომ ეს, პირველ რიგში, ბავშვისთვისაა რთული, რადგან მას განსაკუთრებული მიდგომა, განსაკუთრებული პროგრამა სჭირდება.
მან დაამატა, რომ მის მოსწავლეს არ აქვს გონებრივი პრობლემები, კარგად იგებს და სწავლობს გაკვეთილებს, სამუშაოებს დროულად ასრულებს და აბარებს, პრობლემა ბავშვთან ურთიერთობაშია.
„ბავშვის პრობლემა აშკარაა და ხილული. მშობლებიც ხედავენ და გრძნობენ ამას. მასწავლებლებისგანაც მრავალჯერ მიუღიათ შესაბამისი რჩევები ბავშვის ექიმთან მიყვანასთან დაკავშირებით, მაგრამ მშობლები დუმან…“, — თქვა მასწავლებელმა.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს ბევრი საგანმანათლებლო პროგრამა და ჯანდაცვის მხარდაჭერა ფუნქციონირებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების სასარგებლოდ, ბევრი მაინც თავს არიდებს და მალავს შვილის დაავადებას.
ამით ისინი არა მხოლოდ აფერხებენ ბავშვის განვითარებას, არამედ ხელს უწყობენ პრობლემების გაღრმავებას ფსიქოლოგიურ, ფიზიკურ, საგანმანათლებლო და სხვა სფეროებში.