საფრანგეთის და მსოფლიოს უდიდეს მუზეუმში, პარიზის სახელგანთქმულ ლუვრში ქურდობა მოხდა. სამუშაო საათებში, ოთხმა მძარცველმა მოხერხებულად შეაღწია შენობაში და წაიღო უძვირფასესი რვა ნივთი – სამეფო სამკაულები.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ლუვრში ქურდობას საფრანგეთის კულტურაზე თავდასხმა უწოდა.
მთელი საფრანგეთის დამცირებად აღიქვეს ლუვრიდან სამეფო სამკაულების მოპარვა თუ გატაცება ფრანგმა ნაციონალისტებმა, ხოლო ყოფილი პრეზიდენტი, სოციალისტი ფრანსუა ოლანდი უცხოეთში ეძებს მომხდარის ორგანიზატორებს. ამ დროს ბევრი ფრანგი, ალბათ, უბრალოდ, გაკვირვებულია, როგორ მოახერხა სამმა კაცმა დღისით-მზისით, როცა მუზეუმი უკვე ღია იყო და მნახველებით სავსე, პარიზის ცენტრში, ლუვრთან მიეყენებინა მოძრავი სატვირთო ლიფტი, ამძვრალიყო ზემოთ, ჩაემტვრია ფანჯრები, შესულიყო “აპოლონის დარბაზში” და წაეღო საფრანგეთისთვის ასე ძვირფასი ნივთები.
ფრანგული არისტოკრატიის მკვლევარი, სტეფანი ბერნი გატაცებული სამკაულის მნიშვნელობას ასე აღწერს: “თითქოს ბებიის სამკაული მოეპაროთ. ეს საფრანგეთის საოჯახო ნივთებია”.
ბროშები, დიადემა, ყელსაბამები ბრილიანტებით, მარგალიტებით, ბრილიანტებით და სხვა ძვირფასი ქვებით მორთული სულ რვა ნივთი, ლუი XIV-ის და ნაპოლეონ III-ის, საფრანგეთის პირველი პრეზიდენტის და ბოლო იმპერატორის პერიოდის ნაკეთობები, ესპანური წარმოშობის – ქორწინებამდე ეუხენია დე მონტიხოდ წოდებული ბოლო იმპერატრიცას ნაქონი ორი ბროში და დიადემა.
გაძარცვის ადგილიდან 800 მეტრში მდებარეობს პარიზის პოლიციის მთავარი ოფისი.
ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, შვიდ წუთში ოპერაცია დამთავრებული იყო, ამბობს საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ლორან ნუნესი: “შვიდ წუთში მოხდა. მოტოციკლებით გაიქცნენ. მძარცველებს იქაურობა აშკარად კარგად შეისწავლეს და პროფესიონალები იყვნენ”.
ბოროტმოქმედებს ნიღბები ეკეთათ და ეცვათ გამაფრთხილებელი ჟილეტები. სიჩქარეში მათ დაუვარდათ თუ დაკარგეს უძვირფასესი ნადავლი, იმპერატრიცას ათასზე მეტი ბრილიანტებით მორთული გვირგვინი, რომელიც, როგორც ექსპერტებმა მოგვიანებით შეაფასეს, დაზიანდა.
ამასთან, შემთხვევის ადგილზე მათ დატოვეს ინსტრუმენტები, ხელთათმანები და რადიოგადამცემი საშუალება, რაც, გამოძიებას დამნაშავეების ძებნაში შეიძლება დაეხმაროს.