საქართველოს მთავრობა უახლოეს მომავალში გეგმავს ზოგადი განათლების სფეროში დაგეგმილი სიახლეების წარდგენას, რაც ასევე სასწავლო წლების შემცირებასთან არის დაკავშირებული. ამის შესახებ 16 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა და ეს ცვლილებები არაერთ მიმართულებას შეეხება.

პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა სკოლებში ცვლილებების განხორციელებაზე და, კერძოდ, აღნიშნა, რომ ზოგიერთი სკოლა 11-წლიან სასწავლო პროგრამაზე უნდა გადავიდეს, რაზეც განათლების სამინისტრო აქტიურად მუშაობს.

საგანმანათლებლო რეფორმების წარდგენისას, ირაკლი კობახიძემ ასევე ისაუბრა სახელმწიფო უნივერსიტეტების მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურაზეც, რაც, მისი თქმით, ასევე სახელმწიფო რეაგირებას მოითხოვს.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბევრ შემთხვევაში შენობები და ნაგებობები სათანადო მდგომარეობაში არ არის.

„ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა და გამოწვევა საერთო საცხოვრებლებია. გარდა ამისა, გვაქვს კულტურული და სპორტული თვითრეალიზებისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურის დეფიციტი, გამოწვევები ყველა მიმართულებით და ესეც სახელმწიფო რეაგირებას მოითხოვს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, დღესდღეობით ხარისხის მართვის სისტემა უმეტესწილად ფორმალურია.

„ჩვენ უფრო მკაცრად უნდა ვიზრუნოთ საგანმანათლებლო პროგრამების შინაარსის და ხარისხის რეგულირებაზე. რაც შეეხება საკადრო პოლიტიკას, დღეს არ გვაქვს ორგანიზებული სისტემა და ბევრ შემთხვევაში გვყავს ნახევარ განაკვეთზე დასაქმებული ლექტორები, რომლებიც, შესაბამისად, ხშირ შემთხვევაში სხვა საქმიანობით არიან დაკავებული და უნივერსიტეტებში შეთავსებით მუშაობენ. მიგვაჩნია, რომ უნდა გადავიდეთ სრულიად სხვა სისტემაზე და უნივერსიტეტების ძირითადი ბირთვი სრულ განაკვეთზე მომუშავე ლექტორები და მასწავლებლები უნდა იყვნენ“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, კონცეფციის შემუშავება ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე მისი განხორციელება, თუმცა მთავრობის მთელი გუნდი სრულად მობილიზებულია, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ კონცეფციის თითოეული პუნქტი, თითოეული ამოცანა, პატიოსნად და სრულად შესრულდეს.

საუბარი იყო უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის წლების შემცირებაზეც:

„გამონაკლისი სპეციალობების გარდა, ჩვენ უნდა გადავიდეთ 3+1 სისტემაზე, სადაც 3 წელი ბაკალავრის ხარისხს დაეთმობა და 1 წელი – მაგისტრის ხარისხს. ორივე შემთხვევაში უნდა იყოს მკაფიოდ განსაზღვრული მიზნები, რაც დღეს არ არის გათვალისწინებული“.

პრემიერ-მინისტრის თქმით, 3+1 სისტემას მრავალი უპირატესობა აქვს, მათ შორის ხარჯების დაზოგვა ყველა მიმართულებით, ოპტიმიზაცია, და უზრუნველყოფილი იქნება ეკონომია. როდესაც 4+2-დან 3+1-ზე გადავალთ, ეს 25%-ით დაზოგავს ხარჯებს.