ეკონომიკის სამინისტროს ბრძანების თანახმად, რუსთავი–წითელი ხიდის და რუსთავი–სადახლოს მაგისტრალის მონაკვეთებზე რიგი მოქალაქეების ქონების ექსპროპრიაცია მოხდება.

დოკუმენტში, კერძოდ, აღნიშნულია, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო გზის მე-4 საინვესტიციო პროექტის რუსთავი–წითელი ხიდის და რუსთავი–სადახლოს მაგისტრალის (3-4 მონაკვეთები) მშენებლობა უნდა ჩაითვალოს არსებითი საჯარო საჭიროების მქონე პროექტად, ხოლო საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს უნდა მიეცეს უფლება, მოახდინოს პროექტის ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე უძრავი ქონების გასხვისება (ექსპროპრიაცია).

აღსანიშნავია, რომ რუსთავი–წითელი ხიდის გზის სიგრძე 13 კილომეტრია. ის იწყება ალგეთის ესტაკადის დასავლეთით და მთავრდება მარეეთთან, საქართველო–სომხეთის სარკინიგზო გადასასვლელამდე 400 მეტრში. რუსთავი–სადახლოს მაგისტრალი (მარეეთიდან სადახლომდე) 16.3 კმ სიგრძისაა და იწყება თბილისი–სომხეთის სარკინიგზო გადასასვლელამდე 400 მეტრით ადრე.

შესაბამისად, ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილებით, პროექტის საჭიროებიდან გამომდინარე, ექსპროპრიაციას (სახელმწიფოს მიერ ზიანის ანაზღაურებით ქონების იძულებით ჩამორთმევა) ექვემდებარება:

ელნარა გარაბალოვას, თოუზ ისქენდეროვის, ფამილ ისქენდეროვისა და ელიფ ისქენდეროვის თანამესაკუთრეობაში არსებული მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო სარალში მდებარე 1135 კვ.მ ფართობის სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული მრავალწლიანი ნარგავებით და ერთწლიანი კულტურებით.

მალეიქა ეიუბოვას საკუთრებაში არსებული მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვკაში მდებარე 54 000 კვ.მ ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (16,174 კვ.მ ნაწილი), რომელზეც მრავალწლიანი ნარგავები და ერთწლიანი კულტურებია მოყვანილი.

აისუნ მამედოვისა და რასულ მამედოვის თანასაკუთრებაში არსებული მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვკაში მდებარე 2 230 კვ.მ ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ასევე მასზე არსებული მრავალწლიანი ნარგავები, ღობე და სხვა ქონება.

აბაიათ ჰასანოვას, აზიზ ჰასანოვას, გიულდარან შახნაზაროვასა და იქმათ ჰასანოვის თანასაკუთრებაში არსებული მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო სარალში მდებარე 2368 კვ.მ ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილი (მათ შორის 1696 კვ.მ ნაკვეთი), რომელზეც მრავალწლიანი ნარგავები და ერთწლიანი კულტურებია მოყვანილი.

ნათიგ ახმედოვის საკუთრებაში არსებული მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამია-გეურარხში მდებარე 1638 კვ.მ ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილი (904 კვ.მ ნაკვეთი), მრავალწლიანი ნარგავებით და ერთწლიანი კულტურებით.

როგორც გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნების ან ოფიციალურად გამოცხადების დღიდან ერთ თვეში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში.

BPN.ge