„დემოკრატიული არჩევნების ევროპულმა პლატფორმამ“ (EPDE) 29 ყალბი დამკვირვებელი გამოავლინა, რომლებიც მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ 2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ლეგიტიმურობის ილუზიის შექმნაში ეხმარებოდნენ.

ორგანიზაციის განცხადებით, ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც მმართველი პარტია სადავო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ყალბ დამკვირვებლებს იწვევს.

„ასეთი პრაქტიკა საქართველოს უფრო აახლოებს ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა რუსეთი, აზერბაიჯანი და ბელარუსი, სადაც მსგავსი მეთოდები წლების განმავლობაში გამოიყენებოდა“, — აღნიშნავს EPDE.

საქართველოს სამოქალაქო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა, მათ შორის ISFED-მა, რომელიც EPDE-ის წევრია, უარი თქვეს არჩევნებზე დაკვირვებაზე, მიზეზად კი ფუნდამენტური უფლებების პატივისცემის ნაკლებობა და საარჩევნო კანონმდებლობისა და პროცედურული გარანტიების არასტაბილურობა დაასახელეს. მათ ხაზი გაუსვეს, რომ ასეთ პირობებში თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების ჩატარება შეუძლებელია.

OSCE/ODIHR-ის საერთაშორისო დამკვირვებლები არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლები დროით ადრე მიიწვიეს, რაც ODIHR-ის მეთოდოლოგიით არასაკმარისად ითვლება სანდო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ჩასატარებლად.

„ნამდვილი დამკვირვებლების არარსებობის შემთხვევაში, ეს სიცარიელე პოლიტიკურად ჩართული „ყალბი დამკვირვებლების“ მიერ შეივსო“, – ნათქვამია დემოკრატიული არჩევნების ევროპული პლატფორმის განცხადებაში.