ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელინა ვალტონენი, რუსთაველის გამზირის არაკანონიერი გადაკეტვისთვის 5000 ლარით დაჯარიმდა. ეს ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს.

14 ოქტომბერს ვალტონენი საქართველოს პარლამენტის შენობის წინ გამართულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა. რუსთაველის გამზირიდან მან ასევე ვიდეომიმართვა გაავრცელა სოციალურ ქსელებში.

დღეს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა ვალტონენმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს, შემდეგი სიტყვებით მიმართა:

„მე გიწვევთ ფინეთში, რათა შეხვდეთ თავისუფალ პრესას და დააკვირდეთ თქვენს მიერ არჩეულ ნებისმიერ დემონსტრაციას“.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ადრე შეშფოთება გამოთქვა ელინა ვალტონენის ვიზიტთან დაკავშირებით და საპროტესტო ნოტა გაუგზავნა ეუთოს სამდივნოსა და მონაწილე სახელმწიფოებს. ნოტაში აღნიშნული იყო, რომ მინისტრი ვალტონენი ოფიციალური ვიზიტისთვის დაგეგმილი პროგრამის გარდა, შეუერთდა ანტისამთავრობო აქტივისტების მცირე ჯგუფის მიერ ორგანიზებულ ქუჩის საპროტესტო აქციას და გააკეთა განცხადება, რაც საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა საქართველოში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით.