ვენეციის კომისია აქვეყნებს დასკვნას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე, „გრანტების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებსა და „უცხოურ გავლენასთან“ დაკავშირებულ სხვა კანონებზე.

კერძოდ, ეს ეხება კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, „გრანტების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს, კანონს „მაუწყებლობის შესახებ“ და ორგანულ კანონს „პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ვენეციის კომისიამ კანონები სისტემურად გაანალიზა, ვინაიდან, როგორც უკვე ითქვა, ყველა მათგანი მიმართულია არათანადო გარე გავლენის პრევენციისკენ.

საქართველოს FARA კანონთან დაკავშირებით, ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ მისი სიმარტივისა და სიზუსტის არასაკმარისი დონე ძირს უთხრის პროგნოზირებადობას და იურიდიულ განსაზღვრულობას.

კომისია აღნიშნავს, რომ კანონის ფართო მოცულობა იძლევა მისი განუსაზღვრელი გამოყენების საშუალებას. თავად ტერმინები ქმნის სტიგმას.

„აღსრულების უფლებამოსილებები ენიჭება ანტიკორუფციულ ბიუროს, რომელსაც გადაჭარბებული დისკრეცია აქვს მინიჭებული, მიუხედავად დამოუკიდებლობისა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის საკმარისი გარანტიების არარსებობისა“, — ნათქვამია დოკუმენტში.

დარღვევები ასევე იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, თუმცა დანაშაულის განმსაზღვრელი ფართოდ ფორმულირებული დებულებები ტოვებს ინტერპრეტაციის ადგილს და მოკლებულია აუცილებელ გამჭვირვალობასა და დასაბუთებულობას, ხოლო მკაცრი სანქციები არ შეესაბამება პროპორციულობის კრიტერიუმს.

რაც შეეხება „გრანტების შესახებ“ კანონს, მასში შეტანილი ცვლილებები მოიცავს უცხოური გრანტების წინასწარ სამთავრობო დამტკიცების ზოგად მოთხოვნას, თუმცა ამას არ გააჩნია აუცილებლობისა და პროპორციულობის თვალსაზრისით დადასტურებული დასაბუთება.

გარდა ამისა, ცვლილებები არ უზრუნველყოფს უარის თქმის მკაფიო და ობიექტურ კრიტერიუმებს და შეიცავს არასაკმარის გარანტიებს, რაც ფართო შესაძლებლობას ტოვებს თვითნებური ან დისკრიმინაციული გამოყენებისთვის.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით, ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ ცვლილებები ითხოვს მაუწყებლებისთვის უცხოური დაფინანსების სრულ აკრძალვას, „უცხოური ძალის“ ცნების გადაჭარბებულად ფართო განსაზღვრების გამოყენებით. კომისია აღნიშნავს, რომ ასეთი აკრძალვა არ ანსხვავებს იმ დაფინანსებას, რომელიც რეალურ საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ მთლიანობას და იმ დაფინანსებას, რომელიც მხარს უჭერს ლეგიტიმურ ჟურნალისტურ და სამოქალაქო საქმიანობას.

რაც შეეხება ორგანულ კანონს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“, ცვლილებები მთლიანად უკრძალავს პოლიტიკურ პარტიებს უფასო ლექციების ან სემინარების მიღებას საქართველოს ან საზღვარგარეთის იურიდიული პირებისგან ან გაერთიანებებისგან“, — ნათქვამია დასკვნაში.

ვენეციის კომისია რეკომენდაციას აძლევს საქართველოს, რომ მომავალ საკანონმდებლო პროცესებში გამოიყენოს შესაბამისი ინკლუზიური მიდგომა, რათა უზრუნველყოს მისი ლეგიტიმურობა და ფართო აღიარება.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ამ სფეროში კანონმდებლობის სამომავლო განვითარებისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული შემდეგი რეკომენდაციები:

მიღებულ იქნას სისტემური მიდგომა, რათა თავიდან იქნას აცილებული მრავალი საკანონმდებლო აქტის მიღება, რომლებიც პარალელურად და კუმულაციური ფორმით მოქმედებს.

შევიწროვდეს გამოყენების ფარგლები – მიეცეს ძირითადი ტერმინების ზუსტი განმარტება და შეიზღუდოს აღმსრულებელი ორგანოების დისკრეციული უფლებამოსილებები, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ კანონი გამოყენებულ იქნას მხოლოდ ეროვნული უსაფრთხოებისთვის შექმნილი მკაფიო და კონკრეტული რისკის შემთხვევებში.

თავიდან იქნას აცილებული ტერმინი „უცხოელი აგენტი“ ან მსგავსი სტიგმის შემქმნელი ტერმინების გამოყენება და გაუქმდეს ნებისმიერი მოთხოვნა, რომ ინდივიდებმა ან ორგანიზაციებმა მსგავსი ტერმინი საკუთარ მასალებში გამოაქვეყნონ.

შეიზღუდოს გარკვეული ორგანიზაციებისთვის დაწესებული ვალდებულებები, რომლებიც მკაცრად აუცილებელი და პროპორციულია ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად.

უზრუნველყოფილი იქნას, რომ სანქციები იყოს მკაფიოდ განსაზღვრული, აუცილებელი და პროპორციული, უკანონო გამოყენების პრევენციის გარანტიებით, და პატივი სცეს იურიდიული განსაზღვრულობისა და წინდახედულობის პრინციპებს.

დაინერგოს მყარი პროცედურული გარანტიები, მათ შორის დამოუკიდებელი აღმსრულებელი ორგანოები, მკაფიო შეტყობინების მოთხოვნები და ნებისმიერი გადაწყვეტილების, ზომისა თუ ჯარიმის გასაჩივრების ეფექტური საშუალებები.