მიუხედავად სპეციალისტების მოწოდებებისა, მოხდეს სოფლის მეურნეობის დივერსიფიკაცია, ჯავახეთის ფერმერები კვლავაც „ფსონს“ კარტოფილზე დებენ. ბევრს ეშინია რისკების და არ არის დარწმუნებული, შეძლებს თუ არა სხვა კულტურებისგან მიღებული მოსავლის გაყიდვას.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კარტოფილი ათწლეულების განმავლობაში რჩება ფერმერების უმრავლესობისთვის შემოსავლის ძირითად წყაროდ. თუმცა, სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ დროა, მოხდეს სოფლის მეურნეობის დივერსიფიკაცია და ახალი მიმართულებების შესწავლა.

ამგვარი მოწოდებების მიუხედავად, ფერმერები არ ჩქარობენ ტრადიციული კულტურის შეცვლას. ბევრი აღიარებს, რომ უჭირს ახალი კულტურების მოყვანა სხვადასხვა მიზეზის გამო: გამოცდილების ნაკლებობა, სპეციალური ტექნიკის არარსებობა, დანაკარგის რისკი და, რაც მთავარია, მოსავლის რეალიზაციასთან დაკავშირებული გაურკვევლობა. ამიტომ, უმრავლესობა ამჯობინებს ძველი მეთოდით მუშაობას.

ახალქალაქის ბიზნეს ცენტრის დირექტორი- მახარე მაცუკატოვი, მიიჩნევს, რომ სამი ძირითადი მიზეზი არსებობს, რის გამოც ჯავახეთის ფერმერებს ეშინიათ სხვა კულტურებზე გადასვლის:

1.ტრადიცია და ადაპტაცია: „პირველი ის არის, რომ აქ ამ საქმით დიდი ხანია არიან დაკავებული, ადამიანური და მიწის რესურსებიც კარტოფილის მოსაყვანად არის ადაპტირებული. მოსახლეობა შეჩვეულია ამას. კარტოფილი საქართველოში დაახლოებით 150 წლის წინ შემოიტანეს. მანამდე ჯავახეთში პარკოსნები და მარცვლეული მოჰყავდათ და რეგიონი მეცხოველეობად ითვლებოდა.

2.ინფორმაციის ნაკლებობა: „მეორე – არ იციან, რა დათესონ. მაგალითად, ჩვენ ვცადეთ წიწიბურა და მოსავალი კარგი იყო. შეიძლება ნიორი და ხახვი დაითესოს.

3.ტექნიკა და რეალიზაცია: „მესამე – ამ კულტურებისთვის ჯერ არ არსებობს სპეციალური ტექნიკა. გარდა ამისა, ნებისმიერი მოსავალი საჭიროებს შენახვას მცირე ხნით მაინც, და მთავარი პრობლემა რეალიზაციაა. არ აქვს მნიშვნელობა, რა კულტურა მოჰყავთ, მნიშვნელოვანია წინასწარ იპოვონ და გააანალიზონ გასაღების ბაზარი“, — ამბობს მახარე მაცუკატოვი.

ის ამატებს, რომ თავად კარტოფილიც კი თესლბრუნვას მოითხოვს, და ბოლო წლებში ჯავახეთში ცვალებადმა კლიმატურმა პირობებმა უფრო ხელსაყრელი გახადა ალტერნატიული კულტურების მოყვანა.

მისი თქმით, ამ საკითხში მოსახლეობას ასოციაციები, კოოპერატივები და სახელმწიფო პროგრამები უნდა დაეხმარონ.

ფერმერი იეღიშ აღაჯანიანიც აღნიშნავს, რომ გლეხებს რისკზე წასვლა არ სურთ. დაახლოებით ათი წლის წინ, კარტოფილთან ერთად, მან სელი დაიწყო და შედეგებით კმაყოფილია.

„მათ არ უნდათ, რადგან ეშინიათ, რომ დაზარალდებიან. თუმცა, ბევრი არც კი ითვლის კარტოფილის თვითღირებულებას და საკუთარ მოგებას. მოჰყავთ და ჰყიდიან იმ ფასად, რასაც მყიდველი შესთავაზებს“, — ამბობს იეღიშ აღაჯანიანი.

იეღიშმა კარტოფილის ფართობი 30 ჰექტრიდან 10 ჰექტრამდე შეამცირა და აგრძელებს სელის მოყვანას, რომლისგანაც ზეთს აწარმოებს და ყიდის.

„ფინანსურად რომ არ იყოს მომგებიანი, არ გავაგრძელებდი. მაგრამ ბაზრის საპოვნელად საჭიროა შრომა და ძებნა. ვინც ეძებს, ის პოულობს. თუ დაჯდებიან და დაელოდებიან, რა თქმა უნდა, არაფერი გამოვა“, — ამატებს ის.

მისი თქმით, ჯავახეთის კლიმატიც შეიცვალა:

„ჩვენი ამინდი ახალციხის ამინდს დაემსგავსა. ახლა ჩვენ შეგვიძლია პომიდორი და კიტრიც კი მოვიყვანოთ“, — აღნიშნავს იეღიშ აღაჯანიანი.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ სოფელში ფერმერები კვლავ ცდილობენ კარტოფილთან ერთად სტაფილო, ჭარხალი, სელი, ულუმბო-სუნელი, ხახვი და ნიორი მოიყვანონ. ზოგიერთი კი უკვე მთლიანად ალტერნატიულ კულტურებზეა გადასული.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აგანიდან ფერმერი და აგრონომი არშალუის გალსტიანი, თითქმის 40 წელია მოჰყავს და ყიდის ლურჯ ოსპს, რომელიც ცნობილია როგორც „ულუმბო-სუნელი“. ის რეგიონში ერთადერთი ფერმერია, რომელიც არა მხოლოდ მოჰყავს ეს მწვანილი, არამედ ექსპორტზეც გააქვს საზღვარგარეთ, რითაც თავისი საქმე სტაბილურ ბიზნესად აქცია.

სოფელ ბეჟანოს მცხოვრები, ანა ეღოიანი, ყვება, რომ მისი ოჯახი დიდი ხანია ძირითადად სტაფილოსა და ჭარხალს მოჰყავს:

„ჩვენ ძირითადად სტაფილოსა და ჭარხალს მოვიყვანთ და შედეგებით კმაყოფილები ვართ. კარტოფილს მხოლოდ ჩვენთვის ვზრდით“, — ამბობს ანა.

თუმცა, ზოგიერთი ფერმერის მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. ვარდუჰი მკოიანი აღნიშნავს, რომ ორი-სამი წლის წინ გაყიდვის მიზნით ხახვი და ნიორი დათესა, მაგრამ უკმაყოფილო დარჩა.

„იმდენი მოსავალი მივიღე, რამდენიც დავთესე. ჩვენს მიწაზე მხოლოდ სტაფილო და ჭარხალი ხარობს კარგად“, — ამბობს ის.

ადგილობრივი ფერმერები თვლიან, რომ თუ შეიქმნება რეალიზაციისა და ფერმერების მხარდაჭერის პირობები, სხვა კულტურებზე გადასვლა უფრო რეალისტური იქნება. ეს ხელს შეუწყობს რეგიონის სოფლის მეურნეობის დივერსიფიკაციას და კარტოფილის მოსავალზე დამოკიდებულების შემცირებას.

ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ ახალქალაქში ალტერნატიულ კულტურებზე გადასვლა მხოლოდ დროის საკითხია. ხელისუფლების სწორი მხარდაჭერის, კოოპერატივების განვითარებისა და სტაბილური ბაზრის ჩამოყალიბების შემთხვევაში, ფერმერები არა მხოლოდ შეძლებენ რეგიონის სოფლის მეურნეობის დივერსიფიკაციას, არამედ გაზრდიან თავიანთ შემოსავლებს.

ამ დროისთვის კი, კარტოფილი რჩება ჯავახეთის სოფლის მეურნეობის მთავარ სიმბოლოდ და საყრდენად — კულტურა, რომელზეც ადგილობრივი ფერმერები უარს არ ამბობენ, თუმცა ხშირად ფიქრობენ მის შეცვლაზე.