 
 
როგორ მუშაობენ ახალქალაქის არასამთავრობო ორგანიზაციები და რა გამოწვევების წინაშე დგანან ისინი სამოქალაქო სექტორის შემზღუდავი არაერთი კანონის მიღების შემდეგ-წაიკითხეთ Jnews-ის მასალაში.
საქართველოს სამოქალაქო სექტორმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის, მმართველობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფისა და ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში. 1990-იან წლებში დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციები (NGO-ები) აქტიურად მონაწილეობენ ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. მათი როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებების, განათლების, სოციალური დახმარებისა და არჩევნების მონიტორინგის სფეროებში.
საქართველოს მრავალი არასამთავრობო ორგანიზაცია თანამშრომლობდა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დონორებთან, რამაც მათ საშუალება მისცა არა მხოლოდ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების, არამედ სამოქალაქო ჩართულობის საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის. სექტორი განსაკუთრებით აქტიურად განვითარდა ისეთ დიდ ქალაქებში, როგორიცაა თბილისი, ქუთაისი და ბათუმი, რაც მოგვიანებით ნათელი გახდა, როდესაც მთავრობის არაერთი კანონის გარშემო საპროტესტო აქციები დაიწყო.
ახალქალაქის სამოქალაქო სექტორი ყოველთვის ნაკლებად განვითარებული იყო, ვიდრე ქვეყნის ცენტრალურ რეგიონებში. ამას მრავალი მიზეზი აქვს, მათ შორის რეგიონის ისტორიული და ეთნიკური თავისებურებები, ასევე შეზღუდული რესურსები და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. თუმცა, ბოლო წლებში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ახალგაზრდული ინიციატივების აქტივობა თანდათან გაიზარდა. მათი მუშაობის ძირითადი სფეროებია კულტურათაშორისი დიალოგი და ინტეგრაცია, ახალგაზრდული ლიდერობის განვითარება, სამოქალაქო განათლება, ენობრივი და საგანმანათლებლო თანასწორობის ხელშეწყობა, ადგილობრივი განვითარება და მოქალაქეთა ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ზოგიერთი ორგანიზაცია თანამშრომლობს საერთაშორისო ფონდებთან და ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების გასაძლიერებლად.
თუმცა, უკვე რამდენიმე თვეა, რაც საქართველოს სხვადასხვა ორგანიზაცია, მათ შორის ახალქალაქშიც, მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, რის გამოც ზოგიერთი დახურვის აუცილებლობის წინაშე დადგა, ნაწილი ლოდინის რეჟიმში გადავიდა, ნაწილი კი შიშითა და რისკით აგრძელებს ფუნქციონირებას.
რას ამბობს ახალქალაქის არასამთავრობო სექტორი?
სერგეი ხაჩატრიანი, ახალქალაქის LAG:
„ჩვენ ამჟამად ორი პროექტი გვაქვს. ჩვენს დამფინანსებლებს აქვთ შესაბამისი ნებართვები. ერთი პროექტი ოჯახში ძალადობას ეხება, მეორე კი – მედიაწიგნიერებას. დღემდე არანაირი პრობლემა არ შეგვქმნია“.
ლელია რაისიანი:
„ამჟამად ჩვენი ორგანიზაცია აქტიურად არ არის ჩართული; ჩვენ არ გვაქვს არანაირი დაფინანსებული პროექტი. თუმცა, ქალებთან ადრე განხორციელებული ღონისძიებები გრძელდება. ჩვენ ვატარებთ ტრენინგებს სხვადასხვა თემაზე და ვცდილობთ, რომ არ გავჩერდეთ. ფინანსები არ გვაქვს, მაგრამ ჩვენს საქმეს ნებაყოფლობით საფუძველზე ვაგრძელებთ“.
„ანტიკორუფციული ბიუროდან ჯერჯერობით არცერთი წერილი არ მიგვიღია. მე უკვე დავასრულე ყველა მიმდინარე პროექტი; ახლები ჯერ არ არის“.
მახარე მაცუკატოვი, „ახალქალაქის კარტოფილის“ ასოციაციის დირექტორი:
„ყველაფერი ცუდადაა. არასამთავრობო ორგანიზაცია ამჟამად არ მუშაობს. ჩვენ მიგვიწვიეს რამდენიმე კონფერენციაზე, მათ შორის სოფლის მეურნეობის საკითხებზე, მაგრამ როგორც ორგანიზაცია, ჯერჯერობით არაფერს ვაკეთებთ. მიზეზი დაფინანსების არარსებობაა“.
შორენა თეთვაძე, ზრდასრულთა განათლების ცენტრის დირექტორი:
„ჩვენ ამჟამად DVV-დან გვაქვს დაფინანსება, მაგრამ წელს სხვა პროექტები არ გვქონია. პროექტების განაცხადები შევიტანეთ, მაგრამ დადასტურება არ მიგვიღია. შესაძლოა, დონორებმა გადაწყვიტეს, რომ ამ ეტაპზე დაფინანსების გამოყოფა არ ღირს.
არ ვიცი, როგორ ვიმუშავებთ შემდგომში. თუ დაფინანსება იქნება, გავაგრძელებთ. თუ არა, ალბათ ფასიან კურსებზე გადავალთ. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“.
„მომავლის კორპუსის“ არასამთავრობო ორგანიზაციის დირექტორი:
„ჩვენს ორგანიზაციას დიდი ხანია დაფინანსება არ აქვს. ჩვენ ოფიციალურად არ დავხურულვართ, მაგრამ არც აქტიურად ვფუნქციონირებთ. ორგანიზაციის საბანკო ანგარიში 2016 წელს დაიხურა.
მიუხედავად ამისა, მე მაინც ვიღებ მოწვევებს სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად – ძირითადად სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე. მაგალითად, ცოტა ხნის წინ თბილისიდან ტურიზმის კონფერენციაზე მიმიწვიეს“.