
საქართველოში ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე 10 უმსხვილესი კომპანიიდან 8 სათამაშო ბიზნესით არის დაკავებული. ამის შესახებ “BusinessPressNews”-სთვის საქსტატის მიერ მიწოდებული ინფორმაცია ადასტურებს.
ის ფაქტი, რომ ქვეყანაში სათამაშო ბიზნესის მოგება წლიდან წლამდე იზრდება, ახალი არ არის, თუმცა ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე კომპანიების რაოდენობა 8-ს აქამდე არასოდეს მიუღწევია.
კერძოდ, საქსტატის მიერ მიწოდებული ინფორმაციით, საქართველოში ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე კომპანიებია: „კავკასიის ავტოიმპორტი“, „ორი ნაბიჯი“, „ევროპაბეთი“, „ბეთლაივი“, „ავიატორი“, „მარსი“, „ფულ ჰაუსი“, „ასვლა“, „ლიდერ-ბეთ სლოტი“, „პრინცეს ბათუმი“.
„BusinessPressNews“ გთავაზობთ ინფორმაციას აღნიშნული კომპანიების მფლობელების შესახებ.
„კავკასიის ავტოიმპორტი“ (ავტობიზნესი) – საწარმოთა რეესტრის მონაცემებით, კომპანიის 34,875% ეკუთვნის გიორგი სურგულაძეს, რომელსაც საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქეობა აქვს, 27,225% – გიორგი გულაშვილს, 27,9% – ლევან სურგულაძეს, 10% – დავით გულაშვილს.
„ორი ნაბიჯი“ (სასურსათო ქსელი) – ოფიციალური მონაცემებით, კომპანიის 33,34% ეკუთვნის გოჩა ცქიტიშვილს, ხოლო აქციების 33,33%-ს – გიორგი ჩხეიძესა და კახა ბექაურს.
„ევროპაბეთი“ (სათამაშო ბიზნესი) – ბოლო მონაცემებით, კომპანიის 100% ეკუთვნის შვედეთში რეგისტრირებულ კომპანია Betsson Perch Investments AB-ს.
„ბეთლაივი“ (სათამაშო ბიზნესი) – მეწარმეთა რეესტრის მიხედვით, კომპანიის 38% ეკუთვნის სულიკო ვარსემაშვილს, 19% – ნანა ჯანაშიას, 3% – თამაზ ხარაიძეს, ხოლო 40% – შპს „აი თი ვენჩერს“. თავის მხრივ, ამ უკანასკნელის წილები ეკუთვნის 4 სხვა კომპანიას: შპს „რონექსს“, შპს „რემიქს ჯგუფს“, შპს „ალფა 2-ს“ და შპს „მმ ტექნოპარკი 350-ს“.
„ავიატორი“ (სათამაშო ბიზნესი) – მეწარმეთა რეესტრის მიხედვით, კომპანია ეკუთვნის შპს „ატლას ჰოლდინგს“. ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში რეგისტრირებულ კომპანია TSE Holdings Limited-ს ეკუთვნის.
„მარსი“ (სათამაშო ბიზნესი) – კომპანიის 100% ეკუთვნის შპს „ენტაინ ჯორჯიას“ (Entain Georgia). საწარმოთა რეესტრის მონაცემებით, ეს უკანასკნელი ეკუთვნის მალტაზე რეგისტრირებულ კომპანია „Bwin Holdings (Malta) Limited-ს“.
„ფულ ჰაუსი“ (Full House) (სათამაშო ბიზნესი) – საწარმოთა რეესტრის მონაცემებით, კომპანიის 35% ეკუთვნის თემურ მიქელაძეს, 16,67% – გიგი ლევაი-ვეის (ისრაელი), 16,67% – ნორბერტ ფრანც ტოიფელბერგერს (ავსტრია), 16,66% – მანფრედ ბოდნერს (ავსტრია), ხოლო წილის 2,5% ეკუთვნის გურამ დოლიძეს, ბაქარ ხარჩილავას, გიორგი ბარნაბიშვილს, მიხალ გლოვაცკის (პოლონეთი) და კლაუს ჯემალ რასმუსენს (დანია).
„ასვლა“ (სათამაშო ბიზნესი) – საწარმოთა რეესტრის მონაცემებით, კომპანიის მფლობელია კვიპროსზე რეგისტრირებული შპს Enguri Ventures Limited.
„ლიდერ-ბეთ სლოტი“ (Leader-Bet Slot) (სათამაშო ბიზნესი) – ოფიციალური მონაცემებით, კომპანიის 40% ეკუთვნის კართლოს დიასამიძეს, 30% – ბესიკ ხოკერაშვილს, ხოლო 15-15% – აკაკი შუბითიძესა და დავით ჩხითუნიძეს.
„პრინცეს ბათუმი“ (Princess Batumi) (სათამაშო ბიზნესი) – საწარმოთა რეესტრის მიხედვით, კომპანია ეკუთვნის თურქეთის მოქალაქეებს. კერძოდ, 99% – ანიბალ ენის ოზკანს, 1% – დურმუშ იათმაზს.