14 ოქტომბერს, 2025 წელს, სტრასბურგის სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება კომპენსაციის შესახებ საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ – ე.წ. მუდმივი ოკუპაცია“.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გადაწყვეტილების თანახმად, რუსეთს ეკისრება ვალდებულება, საქართველოსთვის 253 მილიონ ევროზე მეტი კომპენსაციის სახით გადაიხადოს.

„სასამართლომ მიიღო საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კომპლექსური სამართლებრივი პოზიცია და მტკიცებულებები და შედეგად, რუსეთის ფედერაციას დააკისრა 253 018 000 ევროს გადახდის ვალდებულება 29 000-ზე მეტი დაზარალებული საქართველოს მოქალაქის სასარგებლოდ,“ — ნათქვამია განცხადებაში.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ამ საქმეზე 2024 წლის 9 აპრილს იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც რუსეთი სრულად იყო პასუხისმგებელი ცნობილი მასობრივი დევნის, დაკავებების, თავდასხმების, მკვლელობების და მსგავსი ფაქტების ოფიციალური შემწყნარებლობის პრაქტიკაზე, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ხდებოდა. ეს ქმედებები ხდება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის და ე.წ. „ბორდერიზაციის“ ფონზე.

დღევანდელი გადაწყვეტილება არის რუსეთის წინააღმდეგ მოგებული ისტორიული საქმეების ლოგიკური გაგრძელება. საქმეში „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (I)“, რომელიც ეხებოდა ე.წ. დეპორტაციას, სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის ფედერაციას დააკისრა 10 მილიონ ევრომდე გადახდა ეთნიკური ქართველების მასობრივი დეპორტაციისა და მათი ადამიანის უფლებების უხეში დარღვევებისთვის. ასევე, საზოგადოებისთვის ცნობილია გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)“ – ე.წ. 2008 წლის აგვისტოს ომის საქმე, რომლის მიხედვითაც რუსეთის ფედერაციას დაეკისრა 130 მილიონ ევრომდე გადახდა ომის დროს და მის შემდეგ საქართველოს მოქალაქეების მიმართ ჩადენილი მასობრივი დარღვევებისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაცია აღარ არის ევროპის საბჭოს წევრი, მასზე კვლავაც ძალაში რჩება ამ გადაწყვეტილებების შესრულების სამართლებრივი ვალდებულება და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ერიცხება შესაბამისი საურავები.

ამ გადაწყვეტილებების აღსრულებაზე მუშაობა გრძელდება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ფარგლებში საქართველოს აქტიური მონაწილეობით.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მადლობას უხდის მტკიცებულებების შეგროვებაში მონაწილე სახელმწიფო უწყებებს და ულოცავს სრულიად საქართველოს ერს ამ ისტორიულ გამარჯვებას“, — ნათქვამია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.

პოლიტიკა