ივანიშვილის პარლამენტი ფინანსურ დანაშაულში მსჯავრდებულთათვის ქვეყნის დატოვების შესახებ ცვლილებათა პაკეტს განიხილავს.

ცვლილებები შედის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ კანონში, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ კანონსა და სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონში.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დაანონსებული ცვლილების მიხედვით, მსაჯავრდებულს საქართველოდან გასვლა აეკრძალება, თუ ქვევით ჩამოთვლილი სამი პუნქტი ერთდროულად არსებობს:

1. მსჯავრდებული დამნაშავეა დიდი ოდენობით თაღლითობაში, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვაში, დიდი ოდენობით მითვისებასა ან გაფლანგვაში, დიდი ოდენობით მოტყუებით ქონებრივ დაზიანებაში, ნივთის დაზიანებასა ან განადგურებაში – თუ ზიანი 10 000 ლარს აღემატება, დიდი ოდენობით ქონების გადამალვაში მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით, გულგრილობაში, კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფაში;

2. მსჯავრდებული საქართველოს მოქალაქეა ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირია;

3. დაზარალებული წერილობით არ აცხადებს უარს მისთვის დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის უზრუნველსაყოფად მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვაზე.

ცვლილების მიხედვით, საქართველოდან გასვლის აკრძალვა გაუქმდება მაშინ, როცა მსჯავრდებული გადაიხდის კომპენსაციას ან “დაზარალებული წერილობით აცხადებს უარს მისთვის დაზარალებულის კომპენსაციის გადახდაზე.”

“დღეს მოქმედი რედაქციით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1657 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მსჯავრდებულს ეკრძალება საქართველოდან გასვლა გამამტყუნებელი განაჩენით, კანონით დადგენილი საფუძვლების არსებობისას. დღეს არსებული საკანონმდებლო მოწესრიგებით პირის მიმართ საქართველოდან გასვლის აკრძალვა გამოიყენება მხოლოდ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის მეშვეობით. არსებული რეგულირების დახვეწისა და დაზარალებული პირებისთვის მიყენებული ქონებრივი ზიანის სწრაფი და ეფექტური ანაზღაურებისთვის მსჯავრდებულს საქართველოდან გასვლის აკრძალვა დაეკისრება სასამართლოს მიერ გამამტყუნებელ განაჩენში მითითების გარეშე.” – წერია განმარტებით ბარათში.

ამავე დოკუმენტის მიხედვით “წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის მომზადება განპირობებულია პირისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ეფექტიანი მექანიზმის შექმნის მიზანშეწონილობიდან გამომდინარე.”