 
გამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, პაკისტანელი და ავღანელი მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ 11 ოქტომბრის საღამო საათებში ორი ქვეყნის საზღვრის გასწვრივ მხარეებს შორის საბრძოლო შეტაკებები მოხდა.
გავრცელებული ცნობებით, ავღანეთის თალიბანის ძალები პაკისტანის სასაზღვრო პუნქტებს დაესხა თავს მას შემდეგ, რაც ამ კვირაში პაკისტანმა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში საჰაერო იერიში მიიტანა.
ადგილობრივი მაღალჩინოსნების თქმით, თალიბანმა განაცხადა, რომ პაკისტანის ორ სასაზღვრო პუნქტზე დაამყარეს კონტროლი.
ხოლო პაკისტანელმა მაღალჩინოსნებმა დაადასტურეს, რომ შეტაკებები საზღვრის გასწვრივ, სულ მცირე, ხუთ ადგილზე მოხდა და დაამატეს, რომ პაკისტანის შეიარაღებული ძალები თალიბანს საპასუხო ცეცხლით პასუხობენ.
ავღანეთმა პასუხის გაცემის პირობა დადო მას შემდეგ, რაც მათი თქმით, პაკისტანმა ქაბულზე საჰაერო იერიშები მიიტანა. თავის მხრივ, პაკისტანს არ დაუდასტურებია ან უარუყვია ავღანეთის დედაქალაქზე იერიშების მიტანა.
შეტაკებების შემდეგ ავღანეთის თავდაცვის სამინისტრომ X-ზე დაწერა, რომ “დურანდის ხაზის გასწვრივ პაკისტანის უსაფრთხოების ძალების წინააღმდეგ წარმატებული საპასუხო ოპერაცია” დასრულებულია.
“თუკი მეორე მხარე ავღანეთის ტერიტორიულ მთლიანობას კიდევ დაარღვევს, ჩვენი შეიარაღებული ძალები მზად იქნებიან ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად და გადამწყვეტ პასუხს გასცემენ.” – წერია X-ზე გავრცელებულ პოსტში.
 
 
 
