
49 246 კვ.მ (დაახლოებით 5 ჰექტარი) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, რომელიც ბორჯომში, „პლატოზე“ მდებარეობს, ტყის ფონდის სტატუსი მოეხსნა. არსებული ინფორმაციით, მთავრობა მას აუქციონით ყიდის.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი მთავრობის დადგენილებით, პრივატიზაციის საწყისი ფასი 3 940 000 ლარით არის განსაზღვრული. აღსანიშნავია, რომ ქონება უკვე აუქციონზეა გამოტანილი.
პრივატიზაციის პირობების თანახმად, გამარჯვებულმა თანხა ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან 45 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს.
„შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის ვადაში 500 000 ლარის ოდენობის ფულადი კომპენსაცია უნდა ჩაირიცხოს ეროვნული სატყეო სააგენტოს – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ანგარიშზე,“ – ნათქვამია აუქციონის დოკუმენტებში.
ნაკვეთზე უნდა განთავსდეს გამაჯანსაღებელ-სარეკრეაციო კომპლექსი, რომელიც მოიცავს ღია და დახურული აუზების, სპორტული მოედნების, პარკინგის, გარე განათების და ა.შ. მშენებლობას.
ამ დოკუმენტის თანახმად, ქონების ფართობის არანაკლებ 75%-ზე არსებული მერქნიანი მცენარეები და ბუნებრივი ეკოსისტემები უნდა იყოს შენარჩუნებული/დაცული.
გარდა ამისა, პირმა, რომელიც ტერიტორიას პრივატიზაციის გზით მიიღებს, 2 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიციის უზრუნველყოფის ვალდებულება უნდა აიღოს.