11-12 ოქტომბერს, ახალქალაქის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება „დინამო თბილისის“ ახალგაზრდული საფეხბურთო ფესტივალი. მონაწილეობას მიიღებენ სამცხე-ჯავახეთის კლუბის მუნიციპალური ფილიალები. საუკეთესო მოთამაშეები შეირჩევიან სამცხე-ჯავახეთის „დინამოს“ რეგიონალური გუნდისთვის, საერთაშორისო დონეზე წინსვლის მიზნით.

ფესტივალი 11 ოქტომბერს, 11:30 საათზე გაიხსნება. პირველ დღეს გუნდები ითამაშებენ 2013-2014 წლებში დაბადებული მოთამაშეებით სამცხე-ჯავახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან, ხოლო მეორე დღეს – 2015-2016 წლებში დაბადებული მოთამაშეებით. ფესტივალში სულ ექვსი გუნდი მიიღებს მონაწილეობას.

თბილისის საფეხბურთო კლუბი „დინამო“ უკვე ორი წელია ახალქალაქსა და ნინოწმინდაში ფეხბურთის განვითარებისა და ტალანტების აღმოჩენის მიმართულებით მუშაობს. კლუბი ატარებს ფესტივალებს, რათა უფრო მეტი ახალგაზრდა ტალანტი ჩაერთოს, ასევე ამ ფესტივალების მეშვეობით შეარჩიოს საუკეთესო მოთამაშეები.

2013-2014 წლებში დაბადებული მოთამაშეების გუნდებიდან ფესტივალის შედეგად შეირჩევიან ფეხბურთელები, რომლებიც სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ გუნდში მოხვდებიან. შემდეგ ეს გუნდი ითამაშებს სხვა რეგიონულ გუნდებთან, რათა საბოლოოდ შეირჩეს ყველა რეგიონის საუკეთესო მოთამაშეები, რომელთაგანაც „დინამოს“ გუნდი დაკომპლექტდება და 2026 წელს ევროპაში გასამართ საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.

„დინამო“ თანამშრომლობს ახალქალაქის სპორტულ სკოლასთან, სადაც ახალგაზრდა ფეხბურთელები ვარჯიშობენ. სპორტული სკოლა ახალქალაქში ვარჯიშებს ატარებს კლუბის მეთოდოლოგიის გამოყენებით გასული წლის, 2024 წლის დასაწყისიდან.

ახალქალაქის სპორტული სკოლა მოუწოდებს ქალაქისა და სოფლების მცხოვრებლებს, რომ 11 და 12 ოქტომბერს მივიდნენ ცენტრალურ სტადიონზე ახალგაზრდა ფეხბურთელების მხარდასაჭერად.