4 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად, თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქციაა დაგეგმილი. აქცია 16:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე დაიწყება.
ამ დროისთვის, მოქალაქეები უკვე იკრიბებიან პარლამენტთან და რუსთველის გამზირი გადაკეტილია. ამის შესახებ წერს bm.ge
ამასთან, სტუდენტები და მოქალაქეები ასევე შეიკრიბნენ თსუ-ს პირველ კორპუსთან, საიდანაც პარლამენტთან გადაინაცვლებენ.
დედაქალაქის გარდა, აქციები გაიმართება რეგიონებშიც. ასევე, მსოფლიოს 20-მდე ქვეყანაში სოლიდარობის დემონსტრაციებია დაგეგმილი.
შეკრებილები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და ოპოზიციური პარტიების ნაწილი ბოიკოტს უცხადებენ თვითმმართველობის არჩევნებს, ითხოვენ პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და “ქართული ოცნების” მთავრობის გადადგომას.
ცნობისთვის, ქვეყანაში პროევროპული პროტესტი 300 დღეზე მეტია მიმდინარეობს.