
პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ოპონენტები სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცებაში, დემოკრატიის ხელყოფასა და პრორუსულ კურსში ადანაშაულებენ, მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ყველა არჩევნები თავისუფალი იყო, საზოგადოებამ კი „მაქსიმალურად აიღო ხელისუფლება ხელში”.
ბიძინა ივანიშვილის თანახმად, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების” 13-წლიანი ყოფნის პერიოდში მიღწეულია „შთამბეჭდავი წარმატებები” და მათგან ყველაზე დიდი მიღწევა ის არის, რომ როგორც „ქართული ოცნების“ წევრებმა, ისე საზოგადოებამ ისწავლა „ობიექტური ანალიზის გაკეთება, კრიტიკული აზროვნების განვითარება” და „საზოგადოება უკვე თავისუფლად ახერხებს თეთრი შავისგან გაარჩიოს“.
„ჩვენ ყოველთვის ვღებულობთ ისეთ შედეგს, როგორიც საზოგადოებას უნდა”, – განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე სიტყვებით, „სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, რომელიც მოახერხა ჩვენმა საზოგადოებამ და მაქსიმალურად აიღო ხელისუფლება ხელში, რაც გამოიხატება სწორედ რომ არჩევნებში სწორი პოზიციის დაფიქსირებით, ჩვენ მივიღეთ ის შედეგები, რაც გვაქვს დღეს და წარმატება გვაქვს ყველა მიმართულებით“.
ბიძინა ივანიშვილმა არ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვებს, მათ შორის კონკრეტული წარმატებებისა და დღეს დაგეგმილი საპროტესტო აქციის შესახებ.