ახალციხესა და ახალქალაქში აუტიზმის მქონე ბავშვების რიცხვი იზრდება, თუმცა ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, რადგან ყველა მშობელი არ იღებს საკუთარ თავზე ბავშვის განვითარების პრობლემის გამოვლენას და მასთან გამკლავებას/ბრძოლას. სპეციალიზებული ცენტრების შექმნისა და პედაგოგების გადამზადების მცდელობებში რეგიონი აწყდება სპეციალისტებისა და რესურსების დეფიციტს, რაც აფერხებს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის დროული დახმარების აღმოჩენას.

ჩვეულებრივი, ერთსართულიანი სახლი ახალციხის ერთ-ერთ ქუჩაზე. „ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრში“ შედის დედა და მასთან ერთად დაახლოებით 4-5 წლის ბავშვი. უამრავი ადამიანის დანახვისას, ბავშვი ინსტინქტურად მიეკრა დედას და თვალი არ გაუხსნია. თვალის კონტაქტის არარსებობა არის ერთ-ერთი სიმპტომი, რომლითაც აუტიზმი განისაზღვრება.

აუტიზმი არის ნერვული სისტემის განვითარების დარღვევა, რომელიც გავლენას ახდენს კომუნიკაციაზე, ქცევასა და სხვა ადამიანებთან ურთიერთობაზე. აუტიზმის მქონე ადამიანებს შეიძლება უჭირდეთ ურთიერთობა, სოციალური კონტაქტების დამყარება და გარშემომყოფთა ემოციების გაგება. მათ ხშირად აქვთ განმეორებადი ქცევები ან ვიწრო ინტერესები. ასევე, მათ შეიძლება ჰქონდეთ მწვავე რეაქცია ხმაზე, სუნზე, სინათლეზე ან შეხებაზე. აუტიზმის სიმპტომები ძალიან განსხვავებულია – ზოგთან ისინი სუსტადაა გამოხატული, ზოგთან კი – ძლიერად. თითოეულ ადამიანთან გამოვლინებები შეიძლება ინდივიდუალური იყოს. აუტიზმის ზუსტი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ისინი დაკავშირებულია მემკვიდრული (გენეტიკური) და გარემო ფაქტორების (ეკოლოგიური) კომბინაციასთან.

Autizm - 2
ახალციხის საბავშვო ბაღი

ახალციხეში შესვლისას მზერას ფერადი და კაშკაშა შენობა იტაცებს — საბავშვო ბაღი, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით აშენდა. ტიპური პროექტის შენობა საინტერესოდ არის გაფორმებული როგორც შიგნიდან, ისე გარედან. ეზოში აშენებულია პავილიონები, სადაც ბავშვებს შეუძლიათ ითამაშონ „ნამდვილი“ სათამაშოებით, ქვიშით, შეიმეცნონ სხვადასხვა საგანი და მასალა. სამუშაო დღის ბოლოს რამდენიმე ჯგუფი აღმზრდელთან ერთად ეზოში თამაშობდა, სხვები კი დედებთან ერთად სახლში მიდიოდნენ. გარდა იმისა, რომ ეს ტიპური, საინტერესო და ფერადი შენობაა, ეს საბავშვო ბაღი იმითაც გამოირჩევა, რომ აქ აღმზრდელებმა, სხვა ტრენინგებთან ერთად, გაიარეს აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებთან მუშაობის კურსები.

Autizm - 4
ახალციხის საბავშვო ბაღის ეზო, რომელშიც აუტიზმის მქონე ბავშვებიც დადიან

ჟურნალისტები საბავშვო ბაღში აღმოჩნდნენ მედია-ტურის ფარგლებში, რომელიც ორგანიზებული იყო პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე პოსტ-კოვიდ აღდგენისთვის“ ფარგლებში. ამ პროექტს საქართველოში CENN პარტნიორ ორგანიზაცია ქვემო ქართლის მედიასთან ერთად, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებდა. მოცემულმა პროგრამამ დააფინანსა ორი პროექტი სამცხე-ჯავახეთში, რომლებიც მიზნად ისახავდა ბავშვებში განვითარების პრობლემების ადრეულ გამოვლენასა და რეაბილიტაციის პროცესში დახმარებას.

ერთ-ერთი მათგანია პროექტი „ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულებებში პერსონალის გადამზადება აუტიზმის ადრეულ ამოცნობასა და ეფექტიანი ზრუნვის განხორციელების მიმართულებით“. ამ პროგრამის ფარგლებში, 26 აღმზრდელმა და საბავშვო ბაღების 50-მა სხვა თანამშრომელმა მიიღო ცოდნა აუტიზმის შესახებ და შეისწავლა ზრუნვის მეთოდები.

ეს პროგრამა განახორციელა სარეაბილიტაციო ცენტრმა „კამილიანელებმა“, რომლის დირექტორიც არის ქრისტინე ლაზარაშვილი. ის ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა ახალციხის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანებაში შემავალი სხვადასხვა დაწესებულების პედაგოგებთან. მან განმარტა, რომ პროექტის მიზანი იყო საბავშვო ბაღებში ისეთი პირობების შექმნა, რომელიც უზრუნველყოფდა აუტიზმის ნიშნების დროულ ამოცნობას, ადრეული ინტერვენციის განხორციელებას, ბავშვისთვის სწორი დახმარების აღმოჩენასა და ამ პროცესებისთვის პედაგოგების მომზადებას.

„ტრენინგის მონაწილეები მზად უნდა ყოფილიყვნენ როგორც პროფესიულად, ისე ემოციურად, რათა პირველივე ნიშნების გამოვლენისთანავე მხარი დაეჭირათ ოჯახისთვის და სწორად აეგოთ ბავშვისთვის დახმარების გზა. ტრენინგი მოიცავდა არა მხოლოდ თეორიულ ნაწილს, არამედ პრაქტიკულ მაგალითებსა და დავალებებსაც. მონაწილეები მუშაობდნენ რეალურ შემთხვევებზე (ქეისებზე), რომლებიც ჩვენი პრაქტიკული მასალიდან იყო აღებული. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა მშობლების ჩართულობას. ერთ-ერთ ქეისში მშობლები აქტიურად იყვნენ ჩართული პროცესში და ჩვენ მათ მივეცით კონკრეტული რეკომენდაციები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაეწყოთ და განევითარებინათ მუშაობა ბავშვთან“, — ამბობს ის.

Autizm - 1

თუმცა, სხვების მსგავსად,ქრისტინე აღიარებს, რომ ბევრი მშობელი რთულად ეგუება შვილის დიაგნოზს.

„ბევრ მშობელს უჭირს ამის მიღება, ხშირად სტერეოტიპებისა და ინფორმაციის ნაკლებობის გამო. სწორედ ამიტომ იყო ჩვენი პროექტი მიზნად ისახავდა ბავშვების სოციალიზაციის მხარდაჭერას, ინფორმირებულობის ამაღლებას და მშობლებისა და პედაგოგების ჩართულობას. პროექტს უკვე მოაქვს შედეგი — მშობლები უფრო ღია გახდნენ თანამშრომლობისთვის. რა თქმა უნდა, პირველ შეხვედრაზე არავინ საუბრობს დიაგნოზზე — მნიშვნელოვანია, რომ ასეთ საუბრებში ძალიან კორექტულები ვიყოთ. აღმზრდელები დიაგნოზს არ სვამენ, მაგრამ მათ უნდა ესმოდეთ, როდის არის მნიშვნელოვანი ბავშვის დროულად მიმართვა მდგომარეობის შესაფასებლად სპეციალიზებულ ცენტრში, სადაც უკვე მუშაობენ პედიატრები, ფსიქიატრები და ლოგოპედები“, — ამბობს ქრისტინე ლაზარაშვილი.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორის, მარიამ მერაბიშვილის თქმით, აუტიზმის სხვადასხვა ხარისხის მქონე ბავშვების ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს. ის ამბობს, რომ აუტიზმის შემთხვევების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ამჟამად ახალციხის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში აუტიზმის სპექტრის სხვადასხვა გამოვლინების 22 შემთხვევაა. თუმცა, მისივე თქმით, დიაგნოზი ყველა შემთხვევაში არ დასტურდება და ხშირად აუტიზმის დიაგნოზი დაგვიანებით ისმება. ამიტომ, შესაძლებლობების ფარგლებში, აღმზრდელები ცდილობენ დროულად აცნობონ მშობლებს შესაძლო პრობლემების შესახებ, რათა მათ დამოუკიდებლად მიმართონ სპეციალისტებს და დიაგნოსტიკა და ინტერვენცია დროულად მოხდეს.

„ამ ეტაპზე ჩვენი საბავშვო ბაღების გაერთიანებაში 11 სპეციალისტი მუშაობს. საჭიროებიდან გამომდინარე, ისინი ნაწილდებიან იმ ბაღებში, სადაც მდგომარეობა ყველაზე მწვავეა. რამდენი სპეციალისტია საჭირო — ეს დამოკიდებულია ბავშვების რაოდენობასა და მათი საჭიროებების დონეზე. ჩვენ გვესმის, რომ ეს ბავშვები ძალიან მგრძნობიარენი არიან და მათ კვალიფიციური დახმარება ესაჭიროებათ. სპეციალისტების უმრავლესობამ გაიარა ტრენინგი რთული ქცევის მართვის კუთხით. თითოეულ ჯგუფში გვყავს ორი გადამზადებული აღმზრდელი, რომლებსაც შეუძლიათ პირველადი დახმარების გაწევა და, საჭიროების შემთხვევაში, ვიწრო სპეციალისტების მოზიდვა/ჩართვა“, — ამბობს მარიამ მერაბიშვილი.

ბოლო დროს აუტიზმის შესახებ ინფორმირებულობა სხვადასხვა პროგრამისა და პროექტის წყალობით გაიზარდა, თუმცა ბევრი მშობელი ამ დიაგნოზს გაცილებით ადრე შეხვდა. სწორედ ამ მშობლებმა, რომლებიც დამოუკიდებლად სწავლობდნენ დაავადებას და დახმარების გზებს ეძებდნენ, დააფუძნეს აუტიზმის მქონე ბავშვთა ცენტრები, რათა ეს გზა სხვა ოჯახებისთვის გაეადვილებინათ. ასე გაჩნდა ცენტრები ახალციხესა და ახალქალაქში.

Autizm - 3
ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრი ახალციხეში

გიორგი 20 წლისაა. მისი დედა -ელისო თათეშვილი — ახალციხეში „ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრის“ დამფუძნებელია. მან შვილის დიაგნოზის შესახებ ისე არადელიკატურად შეიტყო, როგორც ეს ასეთ შემთხვევებშია რეკომენდებული.

„ყველაზე რთული თვითონ დიაგნოზიც არ ყოფილა, არამედ ის, თუ როგორ მაცნობეს ამის შესახებ. ეს მოხდა ძალიან უეცრად, ყოველგვარი დელიკატურობის გარეშე. უბრალოდ მითხრეს: თქვენს შვილს ესა და ეს სჭირს. სასწრაფოდ უნდა მიიღოთ ზომები — თითქოს საუბარი იყო გაუმართავ მექანიზმზე, რომლის უბრალოდ შეკეთება და დარეგულირებაა შესაძლებელი. ყველა მშობლისთვის არ არის ადვილი ასეთი ინფორმაციის მიღება. ბევრს ამაზე ძლიერი, ზოგჯერ მტკივნეული რეაქცია უჩნდება. ახლა წარმოიდგინეთ იმ ადამიანის რეაქცია, რომელიც პირველად ხვდება მსგავს რამეს და საერთოდ არაფერი იცის ამის შესახებ. 2010 წელს მე არანაირი ინფორმაცია არ მქონდა. მაშინ ყველაფერი არც ისე მარტივად იყო, როგორც ახლა. რთული იყო რაიმეს მოძიება, რაიმეს გაგება, რაიმეში გარკვევა“, — ყვება ელისო.

Jnews vertikalno - 1
გიორგი

ის ექიმს მაშინვე არ მისულა/არ მიუმართავს, არ უნდოდა ამაზე ვინმესთან საუბარი. მაგრამ უარყოფის შემდეგ იწყება მიღებისა და გამოსავლის ძიების ფაზა.

„შემდეგ დავიწყეთ ცენტრების ძებნა თბილისში და ასე შემდეგ… იქაურმა სპეციალისტებმა დამეხმარნენ, რომ რეალობისთვის სხვანაირად შემეხედა. და მაშინ მივხვდი: ასეთ სიტუაციაში ძალიან მნიშვნელოვანია მხარდაჭერა არა მხოლოდ ბავშვისთვის, არამედ თავად მშობლისთვისაც. მხოლოდ ბავშვზე ფოკუსირება არ არის საკმარისი. გაცილებით მნიშვნელოვანია, რა მდგომარეობაში იმყოფება დედა ან მამა. სწორედ ამიტომ, ჩვენ ახლა ვცდილობთ, აქცენტი გავაკეთოთ მშობლებისთვის განკუთვნილ საინფორმაციო შეხვედრებსა და ტრენინგებზე. თუ უფრო ღრმად ჩავხედავთ, ცხადი ხდება, რომ პრობლემა ზედაპირზე არ არის“, — ამბობს ის.

ადაპტაციისა და კომუნიკაციის ცენტრებს საქართველოში მრავალი პრობლემა აქვთ, მაგრამ ყველაზე მთავარი ფინანსებია. მაგალითად, ახალციხის ცენტრი, სადაც ბევრი ბავშვი და მშობელი იღებს დახმარებას, ნაქირავებ კერძო სახლშია განთავსებული. ასეთ ცენტრებს ხშირად უბრალოდ არ აქვთ საკმარისი თანხა მუშაობის გასაგრძელებლად.

„ვისაც დახმარება სჭირდება, უნდა ჰქონდეს მისი მიღების საშუალება. ხშირად ერთ მშობელს ორ სამსახურში უწევს მუშაობა, როგორც ჩემს შემთხვევაში. არ არსებობს ადგილი, სადაც ასეთი ადამიანები დარჩენას შეძლებდნენ. არ არის ასეთი სივრცე, სადაც მათ გაგებითა და სწორი მიდგომით მოეპყრობოდნენ. გარდა ამისა, მე მარტოხელა დედა ვარ. ამიტომ, თუ საზოგადოებაში ვინმეს ჯერ კიდევ არ მიუქცევია ყურადღება ამ პრობლემისთვის — უკვე დროა. დღეს ეს აუცილებლობას წარმოადგენს“, — ყვება ის.

ახალციხის ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრი ასევე მონაწილეობდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროგრამაში „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე პოსტ-კოვიდ აღდგენისთვის“. ცენტრმა განახორციელა პროექტი „ქცევის გამოყენებით ანალიზზე დაფუძნებული (ABA) თერაპიის სერვისის გაუმჯობესება სამცხე-ჯავახეთის რეგიონში“. ამ პროექტის ფარგლებში შედგა ინდივიდუალური გეგმა და შეფასება, და განხორციელდა ქცევითი ანალიზის საფუძველზე თერაპიის ხარისხიანი რეალიზაცია 16 ბენეფიციარისთვის.

Autizm - 5
ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრი ახალციხეში

ახალქალაქი

საზოგადოებაში, სადაც არ არის მიღებული ჯანმრთელობის პრობლემებზე საუბარი, განსაკუთრებით ბავშვებთან დაკავშირებით, არც ისე დიდი ხანია, რაც ბავშვების უცნაურ ქცევებზე დაიწყეს საუბარი. ეს განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა კორონავირუსის შემდეგ, რის გამოც ბევრი აუტიზმს იმ ვირუსის შედეგად მიიჩნევს, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიცვა. ახალქალაქში აუტიზმის მქონე ბავშვთა პირველი ცენტრი 2022 წელს გაიხსნა — ცენტრი „ნაბიჯები“. ახალციხის მსგავსად, ცენტრი გახსნა ოჯახმა, სადაც აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვი იზრდება. მშობლებმა გადაწყვიტეს, შეექმნათ სივრცე, სადაც კვალიფიციური სპეციალისტების აქტიური და უშუალო მონაწილეობით შესაძლებელი იქნებოდა ბავშვების განვითარებასა და კომუნიკაციაში დახმარება.

ცენტრ „ნაბიჯების“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, გიორგი მელიქიძის თქმით, ცენტრს აუტიზმის სხვადასხვა სპექტრის მქონე 40 ბავშვი სტუმრობს; ეს რიცხვი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სპეციალისტების რაოდენობის მიხედვით განისაზღვრება.

„დღესდღეობით, ჩვენ ვმუშაობთ სახელმწიფო პროგრამით — “ადრეული განვითარების ქვეპროგრამა”. ამ პროგრამით, 7 წლამდე ასაკის ერთ ბავშვზე თვეში 8 უფასო გაკვეთილია გათვალისწინებული. 7 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის კი პროგრამა არ გვაქვს. ჩვენ გვყავს 40 ბავშვი აუტიზმით. ბევრი მშობელი არ დაჰყავს ბავშვები ასეთ ცენტრებში, რის გამოც პრობლემები იქმნება: ადამიანები ამ საკითხს ადეკვატურად არ აღიქვამენ, არ აჩვენებენ, რომ მათ შვილებს დახმარება სჭირდებათ. თუმცა, ბევრი ბავშვია, რომლებსაც ცენტრი სჭირდებათ.

არსებობს კიდევ ერთი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ახალციხეში მოქმედებს, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს — „აბილიტაციის, რეაბილიტაციის ქვეპროგრამა“, რომლის ფარგლებშიც 18 წლამდე ბავშვები თვეში 20 უფასო გაკვეთილს იღებენ სხვადასხვა სპეციალისტისგან. პროგრამა მოიცავს ფიზიოთერაპიასა და ქცევით თერაპიას. ჩვენ ეს პროგრამა არ გვაქვს, რადგან არ გაგვაჩნია შესაბამისი ტერიტორია და სპეციალისტები. თუკი სპეციალისტების საკითხის მოგვარება შესაძლებელია თბილისიდან, ახალციხიდან და სხვა ადგილებიდან მოწვევით, ჩვენს ცენტრს დიდი ფართის იჯარის გადახდის შესაძლებლობა არ აქვს“, — ყვება გიორგი.

Qayler
სვეტლანა სერობიანი და გიორგი მელიქიძე — ახალქალაქის სარეაბილიტაციო ცენტრ „ნაბიჯების“ დამფუძნებლები

მსგავსი ცენტრების ფუნქციონირებისთვის სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური დახმარებაა საჭირო.

„ჩვენ მხოლოდ ერთხელ მივიღეთ დაფინანსება 2022 წელს, „მერსი ქორფსის“ პროგრამის ფარგლებში. მაშინ გავხსენით ცენტრი, ერთხელ მოგვცეს ფული ინვენტარისა და სათამაშოებისთვის — და სულ ეს იყო. ჩვენ ყოველთვიური შემოსავალი არ გვაქვს, ცენტრი მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამის ხარჯზე მოქმედებს. მაგრამ ჩვენ გვყავს ბავშვები და ყოველდღე რაღაც ფუჭდება — სკამები, სათამაშოები, ყველაფერს განახლება სჭირდება. გარდა ამისა, მალე ზამთარი მოვა და კომუნალური გადასახადების გადახდა იქნება საჭირო“, — ამბობს გიორგი მელიქიძე.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორის, ანაიდა ასატურიანის თქმით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საბავშვო ბაღების თანამშრომლებისთვის ორჯერ ჩაატარა უფასო ტრენინგები.

„ამაში ახალქალაქის განათლების რესურსცენტრი დაგვეხმარა. ჩვენ მათ მივმართეთ, მათ კი განაცხადი შეიტანეს. ბევრი ბავშვია აუტიზმით, მაგრამ უმეტესობას დიაგნოზი არ აქვს დადგენილი. შესამჩნევია, რომ ბავშვს აქვს ყურადღების, კომუნიკაციისა და კვების პრობლემები. გვყავს ბავშვები, რომლებიც დერეფნის იქით არ შედიოდნენ, მაგრამ უკვე ნელ-ნელა შედიან ჯგუფებში. არიან ბავშვები, რომლებიც მარტო ისხდნენ, მაგრამ უკვე სხვა ბავშვებთან ერთად სხედან. აღმზრდელები სპეციალურ აღმზრდელებთან ერთად მუშაობენ ბავშვებთან — ეს აუცილებელია, რადგან თითოეულ ჯგუფში 7-8 განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვია, და სპეციალური აღმზრდელები ყველასთან ვერ იმუშავებენ, ამიტომაც ჩვეულებრივმა აღმზრდელებმაც გაიარეს ტრენინგები.გვყავს ძალიან რთული ბავშვები; როდესაც იღლებიან, იწყებენ ყვირილს, ხმაურობენ, და მაშინ სპეციალური აღმზრდელი ამ ბავშვს სპეციალურ ოთახში მიჰყავს, ეთამაშება, ასეირნებს, ამშვიდებს და შემდეგ ჯგუფში აბრუნებს. ბევრი მშობელი არ დაჰყავს აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებს საბავშვო ბაღში, მათ სახლში ტოვებენ. ამიტომაც არ გვაქვს ზუსტი სტატისტიკა. თუ საჭიროება უფრო მეტი იქნება, ჩვენ საკუთარი ძალებითაც შევძლებთ ამას გავუმკლავდეთ. ახლა უმაღლესი სასწავლებლებიდან კარგი კადრები მოდიან — ლოგოპედები, ფსიქოლოგები. ჩვენ შეგვიძლია ისინი დავიქირავოთ, თუნდაც კონტრაქტით, ყველაფერი შესაძლებელია, რატომაც არა“, — ამბობს ანაიდა ასატურიანი.

ახალქალაქის მერიის სოციალური სამსახურის მონაცემებით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 11 ბავშვს აქვს ოფიციალურად დადგენილი დიაგნოზი — აუტიზმი. თუმცა, რეალურად, აუტიზმის მქონე ბავშვები გაცილებით მეტნი არიან. 7 წლამდე ასაკის 40 ბავშვი სტუმრობს ახალქალაქის ცენტრ „ნაბიჯებს“.

„ჩვენ უკვე 3 წელია გვაქვს აუტიზმის მქონე ბავშვთა პროგრამა. მნიშვნელობა არ აქვს, აქვს თუ არა ბავშვს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი. თუ არსებობს აუტიზმის წინასწარი ან დადგენილი დიაგნოზი და ბავშვი გადის სარეაბილიტაციო მკურნალობას ფსიქოლოგთან, რეაბილიტოლოგთან, სხვადასხვა სპეციალისტთან — ამ პროგრამით შესაძლებელია სერვისების დაფინანსება 1500 ლარამდე წლიური ლიმიტით. ასევე, არსებობს სოციალური დახმარება — 500 ლარი წელიწადში ერთხელ, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუ სტატუსი დადგენილია, პლუს რეაბილიტაციაზე გაწეული ხარჯები. არის შემთხვევები, როდესაც ადამიანები ძალიან ბევრს ხარჯავენ გამოკვლევებზე, ზოგს კი დიაგნოზი მაშინვე უდგინდება, რადგან არსებობს ტესტი, რომელიც აუტიზმს დაუყოვნებლივ ავლენს. მნიშვნელობა არ აქვს, სად ტარდება რეაბილიტაცია“, — ამბობს ახალქალაქის მერიის სოციალური დახმარების სამსახურის უფროსი, ანაიტ იორდანიანი.

ანაიტის თქმით, არსებობს ენობრივი ბარიერის პრობლემა, რადგან ბავშვები არ ფლობენ ქართულ ენას და მათ სჭირდებათ სომხურენოვანი სპეციალისტები. ამის გამო, ხშირად ისინი სომხეთიდან იღებენ ლოგოპედის მომსახურების მიწოდების დამადასტურებელ დოკუმენტებს. ქცევითი თერაპია ტარდება თბილისში, სხვა მომსახურებები კი — ახალქალაქში.

„ეს ბავშვები სხვა პროგრამებშიც ხვდებიან — მკურნალობა, გამოკვლევა, მედიკამენტების პაკეტი და სხვა. პრაქტიკულად ყველა პუნქტში ხვდებიან“, — ამბობს ის.

მიუხედავად იმ ნაბიჯებისა, რომლებიც აუტიზმის მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების მხარდასაჭერად იდგმება, რეგიონში სირთულეების წყება რჩება — სპეციალისტების ნაკლებობიდან დაწყებული შეზღუდული დაფინანსებით დამთავრებული.

პრობლემის გადაჭრის სახელმწიფო მიდგომა ჯერჯერობით არასაკმარისად სისტემურია და შემდგომ განვითარებას საჭიროებს. სანამ ეს საკითხები კომპლექსურად არ გადაწყდება, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის სრულფასოვანი დახმარება მრავალი ოჯახისთვის მიუღწეველ მიზნად დარჩება.