
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ, განაცხადა, რომ წელს სკოლებში ყოველდღე შესრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. იციან თუ არა ამის შესახებ ახალქალაქის სკოლებში და ასრულებენ თუ არა ამ გადაწყვეტილებას, შევეცადეთ სკოლებში დაგვედგინა.
საქართველოს საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესის ჰიმნით დაწყების შესახებ განცხადება მინისტრმა გურიის რეგიონში ახლად გარემონტებული 3 სკოლის მონახულებისას გააკეთა. განცხადებაში ნათქვამია:
„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და წელს ყველა სკოლაში ყოველი დღე დაიწყება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულებით. ეს არის პატივისცემა ქვეყნის, სახელმწიფოს მიმართ. მიგვაჩნია, რომ ეს ინიციატივა უფრო მეტად ჩანერგავს ჩვენს ახალგაზრდებში პატრიოტულ სულსა და სამშობლოს სიყვარულს.“
Jnews შემთხვევითობის პრინციპით დაუკავშირდა 3 სკოლის დირექტორს და ჰკითხა, ასრულებენ თუ არა ყოველდღიურად სახელმწიფო ჰიმნს. მათგან ერთმა, რომელიც ქართული სექტორის სკოლის დირექტორია, აღნიშნა, რომ ჰიმნი სკოლაში ყოველდღე სრულდება.
მეორე დირექტორმა აღნიშნა, რომ ისინი ემორჩილებიან კანონს და ასრულებენ ყველა რეგულაციას. მესამე დირექტორმა კი განაცხადა, რომ ჰიმნის შესრულებასთან დაკავშირებით ჯერ ოფიციალური ინსტრუქცია არ მიუღია.
რა მოხდება, თუ სკოლებს ტექნიკურად არ აქვთ შესაძლებლობა, რომ ჰიმნი ყოველდღე შეასრულონ?
ამ საკითხზე ჩვენ მივმართეთ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საიდანაც გვიპასუხეს, რომ ეს დეტალები ჯერჯერობით გაურკვეველია და მათი დაზუსტებისთანავე გამოქვეყნდება.