
30 სექტემბრიდან საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში შეინიშნება მყარი ნაწილაკების (PM10 და PM2.5) კონცენტრაციის მატება. ეს პროცესი ტრანსსასაზღვრო ხასიათისაა და განპირობებულია სამხრეთ-დასავლეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების სუსტი გავრცელებით, – იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
მათივე ცნობით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით.
„ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ და ასევე მიიღოს ჯანმრთელობისთვის რეკომენდაციები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე www.air.gov.ge -ის რეკომენდაციების განყოფილებაში“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.