
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ორი პირი დააკავეს სახელმწიფო ქონების თაღლითურად მითვისებისა და დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ბრალდებით.
უწყების ცნობით, საქმე ეხება 94 444 427 ლარის საერთო ღირებულების ტენდერებს, რომლებიც 30 საბავშვო ბაღისა და ოთხი სკოლის მშენებლობისთვის იყო გათვალისწინებული.
აღსანიშნავია, რომ კომპანია „ლაღი კაპიტალმა“, რომლის წარმომადგენლებიც დააკავეს, 2023 წელს ახალქალაქის №3 საბავშვო ბაღის სარემონტო ტენდერიც მოიგო, თუმცა სამუშაოები არ შეუსრულებია.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, სახელმწიფო ქონების თაღლითურად მითვისებისა და დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ბრალდებით, ორი პირია დაკავებული.
2023 წელს, ბრალდებულებმა, ა.ბ.-მ და ბ.ბ.-მ, შპს „ლაღი კაპიტალის“ მეშვეობით, გაიმარჯვეს „მუნიციპალური განვითარების ფონდის“ მიერ გამოცხადებულ 11 ტენდერში, რომელიც 30 საბავშვო ბაღის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციას ითვალისწინებდა. დღევანდელი მდგომარეობით, არც ერთ ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები არ დასრულებულა.
„საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან“ (სსიპ) გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, გორის მუნიციპალიტეტში ერთი, ხოლო ხაშურის მუნიციპალიტეტში სამი სკოლა უნდა აშენებულიყო. ამ შემთხვევაშიც არც ერთი სკოლა არ აშენებულა.
სატენდერო ხელშეკრულებების საერთო ღირებულებამ 94 444 427 ლარი შეადგინა.
თანხების მითვისების მიზნით, ბრალდებულები, დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, დარეგისტრირდნენ კვალიფიციურ მიმწოდებელთა ე.წ. „თეთრ სიაში“, რაც მიმწოდებელს პრივილეგირებულ პირობებს აძლევს გამარტივებული წესით ავანსის მიღების საკითხში.
დანაშაულებრივმა ჯგუფმა ისარგებლა აღნიშნული პრივილეგიებით, წარმოადგინა საბანკო გარანტია მხოლოდ 50%-ის ოდენობით და თაღლითურად მიითვისა მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ავანსის სახით გადარიცხული 9 365 801 ლარი.