
29 სექტემბერს, ახალქალაქის კულტურის სახლის მცირე დარბაზში გაიმართა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის დამსახურებული მასწავლებლების დაჯილდოების ცერემონია.
ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი, პარლამენტის წევრი და სხვა ოფიციალური პირები.
კულტურის სახლის მცირე დარბაზი სავსე იყო. თბილისიდან ჩამოსული იყვნენ სტუმრები: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური.
ასევე, ესწრებოდნენ სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ზაალ გელაშვილი, პარლამენტის წევრი სამველ მანუკიანი, ახალქალაქის მერობის კანდიდატი მელქონ მაკარიანი, ახალქალაქის რესურსცენტრის დირექტორი ტერეზა ჩივჩიანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სკოლების დირექტორები და ახალქალაქის მერიის სხვადასხვა დაწესებულების წარმომადგენლები.
სტუმრებისთვის მოეწყო პატარა კონცერტი, სადაც წარმოდგენილი იყო სომხური და ქართული ცეკვები, სიმღერები და ლექსები სომხურ და ქართულ ენებზე. საპატიო სტუმრებმა მიულოცეს ხუთ დაჯილდოებულ მასწავლებელს.
თავის გამოსვლაში ახალქალაქის რესურსცენტრის დირექტორმა, ხაზი გაუსვა, რომ წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტს ჰყავდა 209 აბიტურიენტი, რომლებიც უკვე ჩაირიცხნენ უნივერსიტეტებში, ხოლო მათგან 165-მა 100%-იანი სახელმწიფო გრანტი მოიპოვა. მან ასევე მიულოცა დღეს დაჯილდოებულ მასწავლებლებს.
„არჩევანი ძალიან რთული იყო, რადგან ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 1800 მასწავლებელია. მათგან უნდა აგვერჩია ხუთი გამორჩეული მასწავლებელი. შერჩევის კრიტერიუმები იყო ასაკი და სამუშაო გამოცდილება. ყველაზე ხანდაზმული მასწავლებელი 81 წლისაა“, — განაცხადა თერეზა ჩივჩიანმა.
შემდეგ მან წარადგინა დაჯილდოებული დამსახურებული მასწავლებლები:
ნანა ზაზაძე — ახალქალაქის №3 სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი.
მნაცაკან აფოზიანი — სოფელ კორხის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი.
ლალი ნათენაძე — სოფელ ოკამის საჯარო სკოლის დედა ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.
აღუნიკ ვოსკანიანი — სოფელ აბულის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი.
რევაზ მიქელაძე — სოფელ ჩუნჩხის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი.