საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ანტიკორუფციული სააგენტოსა და პროკურატურის მიერ ერთობლივად გატარებული ღონისძიებების ფარგლებში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სახელმწიფოს კუთვნილი 403,095 ლარის თაღლითურად მითვისების ფაქტზე, დაკავებულ იქნენ შპს „გურია ენერჯის“ დირექტორი მ.ჟ. და ზედამხედველი კომპანიის თანამშრომელი პ.რ.

ბრალი წარედგინება ზედამხედველი კომპანიის კიდევ ერთ თანამშრომელს, თ.მ.-საც, — ამის შესახებ სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

როგორც ბრიფინგზე გახდა ცნობილი, საქმე ეხება თაღლითობას დიდი ოდენობით, თაღლითობაში დახმარებას დიდი ოდენობით, და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას, კერძოდ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად მითვისების ფაქტს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის იანვრამდე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის დამაკავშირებელი 3.52 კმ სიგრძის ადგილობრივი გზის (ნორიო-ლილოს) რეაბილიტაციის პროცესში, შპს „გურია ენერჯის“ 100%-იანი წილის მფლობელმა და დირექტორმა მ.ჟ.-მ, ტენდერის ზედამხედველობასა და შემოწმებაზე პასუხისმგებელი პირის, პ.რ.-ს დახმარებით, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენების გზით, თაღლითურად დაეუფლა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილ 403,095 ლარს, რითაც სახელმწიფოს დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი მიაყენა.

ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შპს „გურია ენერჯის“ მიერ მიღებული/შესრულებული გზა ექსპლუატაციისთვის უვარგისია.

აღნიშნული დანაშაული გამოიძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 25-ე მუხლითა და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე. ბრიფინგამდე ჩვენ მედიას მივაწოდეთ ფოტომასალა, რომელიც ასახავს მსგავსი დანაშაულების ჩადენის შედეგებს, რასაც სახელმწიფო არავის აპატიებს.“

„შესაბამისად, აღნიშნულ და სხვა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე გრძელდება ინტენსიური გამოძიება, დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოსავლენად და კორუფციის აღსაკვეთად. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ კორუფციასთან ბრძოლასა და ამ მიმართულებით დანაშაულებრივი საქმიანობის გამოვლენას მომავალში შეუქცევადი ხასიათი ექნება, რის შესახებაც მუდმივად მივაწვდით ინფორმაციას საზოგადოებას“, — განაცხადეს სუს-ში გამართულ ბრიფინგზე.