
ახალი საბავშვო ბაღი, რომელიც მე-5 სკოლის (ყოფილი ინტერნატი) ტერიტორიაზე მდებარეობს, ექსპლუატაციაში 12 სექტემბერს შევიდა. ადგილობრივი ხელისუფლება საბავშვო ბაღის გახსნისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდის (MDF) მიერ ქონების (ინვენტარის) გადაცემას ელოდება. თუმცა, MDF-ში განაცხადეს, რომ ახალქალაქის საბავშვო ბაღისთვის ავეჯის მიწოდებას არ გეგმავენ.
იმავდროულად, ახალქალაქის ბევრი ბავშვი ელოდება ამ ბაღის გახსნას, რადგან მათ ან არ შეუძლიათ სკოლამდელ დაწესებულებებში სიარული, ან სოფლის სკოლამდელ დაწესებულებებში დადიან ქალაქის სამივე საბავშვო ბაღის რემონტის გამო.
დიდი ხნის დაგვიანების შემდეგ, ახალქალაქის ახალი საბავშვო ბაღი, საბოლოოდ, 12 სექტემბერს ექსპლუატაციაში შევიდა.
„შენობა უკვე მიღებულია, იყო გარკვეული ხარვეზები, მაგრამ ისინი უკვე აღმოფხვრილია და ის მზად არის ექსპლუატაციისთვის. ჩვენ გადაცემული ინვენტარის მოლოდინში ვართ, რომ გავხსნათ“, — განაცხადა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერმა თეიმურაზ მჭედლიძემ.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანებამ Jnews-ს აცნობა, რომ ისინი ელოდებიან მუნიციპალური განვითარების ფონდის (MDF) მიერ დაპირებულ ავეჯსა და სხვა ინვენტარს.
„მუნიციპალური განვითარების ფონდი სამი ჯგუფისთვის უზრუნველყოფს ინვენტარს, მაგრამ ჩვენ გვინდა ექვსი ჯგუფის გახსნა საძინებლების ხარჯზე, რათა ქალაქის ბაღების ბავშვებს სოფლის საბავშვო ბაღებში სიარული არ მოუწიოთ. ჩვენ ველოდებით ინვენტარს, გაგზავნილი გვაქვს ჩვენთვის საჭირო ნივთების სია“.
გაერთიანების ინფორმაციით, ჯერჯერობით ახალ აღმზრდელებს ან სხვა თანამშრომლებს არ მიიღებენ. ახალ ბაღში ქალაქის, რემონტის გამო დახურული, საბავშვო ბაღების აღმზრდელები და ძიძები იმუშავებენ.
„სოფლის საბავშვო ბაღებში დაახლოებით 70 ბავშვი დადის. ჩვენ მათ აქ გადმოვიყვანთ, შემდეგ კი ახლებს მივიღებთ. ველოდებით ინვენტარის მიღებას, დავდგამთ მას და ახალი ბავშვების მისაღებად საძინებლებს ჯგუფებად გადავაკეთებთ. ვიმედოვნებთ, რომ წლის ბოლოს შევძლებთ გახსნას“, -ამატებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანება.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა (MDF) ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის 1 მილიონ 657 ათასი ლარი გამოყო. Jnews-ი, რათა გაერკვია, თუ როდის მოიტანდა ფონდი ავეჯს, დაუკავშირდა ფონდის წარმომადგენლებს. მათ გვითხრეს, რომ ახალქალაქის საბავშვო ბაღები არ შედის დაფინანსების ან სხვა სახის დახმარების სიებში.
საბავშვო ბაღების გაერთიანებაში განმარტეს, რომ ისინი მუნიციპალური განვითარების ფონდთან (MDF) კავშირს სამცხე-ჯავახეთის ადმინისტრაციის მეშვეობით ინარჩუნებენ, რომ ისინი პერიოდულად ურეკავენ გუბერნიას, ინტერესდებიან და რომ საჭირო ინვენტარის სია სწორედ გუბერნიაში აქვთ გაგზავნილი.
აღსანიშნავია, რომ ობიექტის ექსპლუატაციაში გადაცემა რამდენჯერმე გადაიდო. მარტის დასაწყისში სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელმა, კახა გერგედავამ, Jnews-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ დარჩენილი იყო მხოლოდ საქანელების ქვეშ რეზინის ფილების დაგება და ეზოს ფილების ხელახლა დაგება, რადგან ცივ ამინდში დაგებული ფილები ძლიერმა ყინვამ დააზიანა. ამავდროულად, მან დაგვარწმუნა, რომ ყველა სამუშაო დასრულდებოდა, როგორც კი ამინდები დათბებოდა. მოგვიანებით, 23 აპრილს, კომპანიის თანამშრომელმა განაცხადა, რომ სამუშაოების დასრულებას ერთ კვირაზე ცოტა მეტი დასჭირდებოდა. ივლისში კვლავ დავინტერესდით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ის ჯერ კიდევ არ იყო გადაცემული, კვლავ იყო ხარვეზები აღმოჩენილი და, საბოლოოდ, 12 სექტემბერს საბავშვო ბაღის ახალი შენობა ექსპლუატაციაში შევიდა.
ახალი, ერთსართულიანი საბავშვო ბაღის შენობა ტიპურია და გათვლილია 75 ბავშვზე. საერთო ფართობი 960 კვადრატულ მეტრზე ოდნავ მეტია.