„ევროკავშირი მზადაა, მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს და ქვეყნის ევროკავშირში გაწევრების გზას, თუ საქართველოს ხელისუფლება შეცვლის ქმედებათა ახლანდელ კურსს”- წერია დოკუმენტში, რომელსაც იზიარებს გაერთიანებული სამეფოს, უკრაინის, მოლდოვის, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიის, ალბანეთის, ანდორის, ისლანდიის, ლიხტენშტაინის, მონაკოს, ნორვეგიისა და სან-მარინოს წარმომადგენლებიც.

განცხადებაში სინანულია გამოხატული იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობამ დროულად არ მოიწვია ეუთო/ოდირის მისია თვითმმართველობის არჩევნებზე დასაკვირვებლად. ყურადღება გამახვილებულია სამოქალაქო საზოგადოების შეუზღუდავი მუშაობის აუცილებლობა და ისმის მოწოდება მათი ნაწილისთვის საბანკო ანგარიშების გაყინვის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

„ვიმეორებთ, რომ ქმედითი სამოქალაქო საზოგადოება ნებისმიერი დემოკრატიული სისტემის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, მოვუწოდებთ საქართველოს, უზრუნველყოს, რომ მისმა ენერგიულმა სამოქალაქო საზოგადოებამ შეძლოს შეზღუდვების გარეშე მუშაობა და აქტიურად, ინკლუზიურად და მნიშვნელოვნად ჩაერთოს პოლიტიკის შემუშავების პროცესში. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს გადაწყვეტილება შვიდი დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის საბანკო ანგარიშების დაყადაღების შესახებ. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია”, – წერია ტექსტში.

საგულისხმოა, რომ ტექსტში ნახსენებია ბოლო პერიოდში აქტივისტებისა და პოლიტიკოსების დაკავების ფაქტების შესახებ. „საქართველოს ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებებს, გამოიძიოს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ძალის გადაჭარბებული გამოყენების ყველა ფაქტი და შესაბამისი პირები პასუხისგებაში მისცეს”, – ვკითხულობთ ტექსტში.