
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ახალქალაქის სერვის ცენტრი რემონტის გამო 4 თვეა დაკეტილია. ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაცხოვრებლები იძულებულნი არიან ახალციხეში იმგზავრონ ავტომობილთან და სხვა დოკუმენტებთან დაკავშირებული საკითხების გამო. ჯერ არ არის ცნობილი, როდის განაახლებს ახალქალაქის ფილიალი ფუნქციონირებას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ 30 მაისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ახალქალაქში სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფში რემონტი და რეკონსტრუქცია მიმდინარეობს, რის გამოც ახალქალაქის მაცხოვრებლები დროებით ვერ შეძლებენ სააგენტოს მომსახურებით სარგებლობას.
რემონტის დაწყებამდე, სააგენტოს სტრუქტურული დანაყოფი ქალაქში ყოველ პარასკევს მობილური ჯგუფის მეშვეობით ადგილობრივ მოსახლეობას მომსახურებას უწევდა.
Jnews-მა დაუკავშირდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, რათა გაერკვია, როდის განაახლებდა სააგენტო მუშაობას ახალქალაქში.
„ჯერჯერობით უცნობია. მიმდინარეობს რემონტი. წინასწარ ვერ ვიტყვით, როდის დასრულდება“, – უპასუხა სააგენტომ.
კითხვაზე, იქნება თუ არა რაიმე ცვლილება სამუშაოების აღდგენის შემდეგ, მათ უპასუხეს, რომ ეს და სხვა დეტალები გამოქვეყნდება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე.
მანამდე, როგორც გვერდზეა მითითებული, მოქალაქეებს, რომელთაც სურთ სხვადასხვა მომსახურების მიღება, შეუძლიათ ეწვიონ შემდეგ მისამართს: ახალციხე, ბ. ჯაღელი N68.