მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე გიორგი ტყემალაძესთან ერთად, ერევნის მერს ტიგრან ავინიანს შეხვდა. შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და სხვადასხვა სფეროში გამოცდილების გაცვლის მნიშვნელობას.

„სომეხისა და საქართველოს მოქალაქეებს კეთილმეზობლური ურთიერთობები აკავშირებთ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ურთიერთობები უფრო გაღრმავდეს და საინტერესო გახდეს. ამ შესაძლებლობით გილოცავ სომხეთის დამოუკიდებლობის დღეს. ამ დღეს, თბილისის ტელეანძა სომხეთის დროშის ფერებში განათდა. როდესაც ერევანს ვსტუმრობ, თავს ყოველთვის სახლში ვგრძნობ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქალაქებს შორის თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება და ჩვენ შევძლებთ მრავალი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას“, – განაცხადა კახა კალაძემ შეხვედრის დროს.

ერევნის მერის თქმით, თბილისის მსგავსად, ერევანიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ტრანსპორტის რეფორმების განხორციელებას.

„თბილისის მსგავსად, ერევანიც სწრაფად ვითარდება. ჩვენ ვიცით, რამდენად დიდ ყურადღებას აქცევთ ტრანსპორტის რეფორმებს. ვიცი, რომ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ძალიან მნიშვნელოვანია თბილისელებისთვის. კარგი იქნებოდა ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარება. გარდა ამისა, სიამოვნებით მოვაწყობთ თბილისთან მეტ კულტურულ ღონისძიებას“, – განაცხადა ტიგრან ავინიანმა.