
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პრესრელიზის თანახმად, ზოგადი განათლების I-XII კლასების საგნებში ექსტერნის გამოცდების ჩატარებისა და რეგისტრაციის თარიღები დადგინდა. აპლიკანტებს რეგისტრაცია 2025 წლის 22 სექტემბრიდან 3 ოქტომბრამდე შეუძლიათ, ხოლო გამოცდები 2025 წლის 8 ოქტომბრიდან 24 ოქტომბრამდე ჩატარდება.
გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს პირს, თუ მისი ასაკი შეესაბამება ან აღემატება ექსტერნის კლასში მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფს და მან წარმატებით დაასრულა წინა კლასის საგანმანათლებლო პროგრამა.
სრულწლოვანმა ან არასრულწლოვნის კანონიერმა წარმომადგენელმა, რომელსაც სურს ექსტერნული გამოცდის ჩაბარება, რეგისტრაციისთვის დადგენილ ვადაში რესურს ცენტრში უნდა წარადგინოს რეგისტრაციის განაცხადი საჭირო დოკუმენტებთან ერთად, შემდეგი წესების დაცვით:
თუ აპლიკანტი სწავლობს სკოლაში, განაცხადი მიიღება იმ რესურს ცენტრში, რომლის ტერიტორიაზეც მდებარეობს შესაბამისი სკოლა.
თუ პირი არ სწავლობს სკოლაში, განაცხადი მიიღება ნებისმიერ რესურს ცენტრში, პირის სურვილის შესაბამისად.
რეგისტრაციისთვის საჭიროა შემდეგი დოკუმენტები:
ა) ზრდასრული პირის ან არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის განაცხადი, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაცია:
სახელი,
გვარი,
საკონტაქტო ინფორმაცია (მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი).
ზოგადი განათლების კონკრეტული კლასის/კურსის/სემესტრის საგანი(ები), ასევე კონკრეტულ კლასში/სემესტრში შემავალი საგანი(ები), რომლის დასრულებაც პირს სურს ექსტერნატის სახით.
ენა, რომელშიც აპლიკანტს სურს ექსტერნატის გამოცდის ჩაბარება (ქართული, სომხური, რუსული, აზერბაიჯანული).
ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული არჩევითი საგანი, რომლის გავლაც სურს ექსტერნული სწავლების ფორმით ზოგადი განათლების მიღების მსურველ პირს.
ბ) პირის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
გ) დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის მიერ ექსტერნული სწავლების ფორმით გასავლელი კურსის/სემესტრის წინმსწრები ზოგადი განათლების კლასის/სემესტრის ზოგადი საგანმანათლებლო პროგრამის ათვისებას.
დ) თუ პირმა განათლება საზღვარგარეთ მიიღო, შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც უნდა იყოს აღიარებული კანონით დადგენილი წესით.
ე) საშუალო განათლების ცალკე კლასში/სემესტრში შემავალ საგანში/საგნებში გამოცდაზე რეგისტრაციის შემთხვევაში, სკოლის მიერ გაცემული ცნობა, რომელიც ადასტურებს, რომ პირმა ექსტერნული სწავლების ფორმით უნდა გაიაროს ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამაში შემავალი საგანი/საგნები.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცხელი ხაზის ნომერია (995 32) 2 200 220.