
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს გაიმართება. საქართველოს მოქალაქეები ოთხი წლის ვადით აირჩევენ თავიანთი თემის მერებს და ადგილობრივი საბჭოების (საკრებულოს) წევრებს. ამ ამომრჩევლებს შორის იქნებით თქვენ და 46 000-ზე მეტი ახალგაზრდა, რომლებსაც წელს პირველად შეუძლიათ არჩევნებში მონაწილეობის მიღება, – ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის მიმართვაში.
„აქტიურ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თქვენი პირველი ნაბიჯი ხმის მიცემის უფლების გამოყენებაა. ამ არჩევნებში თქვენ გექნებათ შესაძლებლობა პირველად მიიღოთ მონაწილეობა პროცესში, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის.
ამიტომ, როდესაც პირველად ემზადებით ხმის მისაცემად, გახსოვდეთ, რომ ეს არის შესაძლებლობა, მიიღოთ მონაწილეობა თქვენი ქვეყნის, ქალაქის ან თემის მომავლის მმართველობასა და ჩამოყალიბებაში. მხარი დაუჭიროთ თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხებს, წვლილი შეიტანოთ დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებასა და საარჩევნო კულტურის განვითარებაში.“
„ნუ იფიქრებთ, რომ ერთი ხმა არაფერს ცვლის. ყველაფერი ერთი ხმით იწყება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს ხმა თქვენია. თქვენ წყვეტთ, ვინ იქნება თქვენი მერი, ვინ იმუშავებს თქვენს საკრებულოში და სწორედ ეს არჩევანი განსაზღვრავს, როგორი იქნება ის ადგილი, სადაც ცხოვრობთ და რომელზეც ზრუნავთ.
საარჩევნო ადმინისტრაციისთვის და პირადად ჩემთვის, როგორც ამ ორგანოს ხელმძღვანელისთვის, ახალგაზრდების მონაწილეობას საარჩევნო პროცესებში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ეს ჩვენი საერთო საქმეა. სწორედ ამიტომ მოგმართავთ: გამოიყენეთ თქვენი უფლება, მობრძანდით არჩევნებზე და აირჩიეთ თქვენი თემის წარმომადგენელი“, – ნათქვამია ცესკოს თავმჯდომარის მიმართვაში.