თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის 12 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ცერემონიაზე ახალწვეულებმა სამხედრო ფიცი დადეს.

სამინისტროს ცნობით, ღონისძიებას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე, საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის ხელმძღვანელობა და ახალწვეულთა ოჯახის წევრები დაესწრნენ.

„თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ ახალწვეულებს სამხედრო ფიცის დადება, ხოლო პირად შემადგენლობას ცენტრის იუბილე მიულოცა. მან სამხედრო მოსამსახურეებს ქვეყნის წინაშე ღირსეული სამსახური უსურვა და საწყისი საბრძოლო მომზადების მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა.

სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ზაქარია კალანდაძემ.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ცენტრის პერსონალს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში გაწეული სამსახურისთვის სხვადასხვა ხარისხის მედლები, სუვენირები, დიპლომები და სერტიფიკატები გადაეცათ.

ფიცის დადებამდე, წვევამდელებმა ორთვიანი სპეციალური საწყისი საბრძოლო მომზადების პროგრამა გაიარეს. ისინი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურს თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში გაივლიან“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.