რადგანაც ბევრ მუნიციპალიტეტში, სხვა პარტიების კანდიდატების არარსებობის გამო, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატებს ალტერნატივა არ ჰყავთ, გამოსარჩევია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს #41.09 მაჟორიტარულ ტამბოვკის საარჩევნო ოლქში, ინიციატივიდან დამოუკიდებელი კანდიდატის, ეგიშე მკრტჩიანის წამოყენება.

საქართველოში რეგისტრირებულია 39 საინიციატივო ჯგუფი, რომლებმაც დამოუკიდებელი კანდიდატები წარადგინეს. მათგან ერთი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტშია. ჯგუფში შედიან მაის ელოიანი, ნიკოლაი ფოლოიანი, შოთა აროიანი, მანუკ კარაგეზიანი და ედუარდ ჰარუთიუნიანი.

Jnews-ისთვის მიცემულ ინტერვიუში დამოუკიდებელმა კანდიდატმა ეგიშ მკრტჩიანმა არჩევნებში საკუთარი მონაწილეობა ასე განმარტა:

„მე ყოველთვის სახელმწიფოს მხარეს ვიყავი, არასდროს ვყოფილვარ ოპოზიციაში, მაგრამ გადავწყვიტე ჩემი კანდიდატურა წამომეყენებინა. თუ გავივლი, კარგია, თუ არადა, ესეც არ არის ცუდი. ჩემთვის მთავარია ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესება. დანარჩენ შეკითხვებს პასუხს გავცემ არჩევის შემდეგ. ჩემს შესაძლებლობებს დადებითად ვაფასებ, გადაწყვეტილებას ხალხი მიიღებს“, — აღნიშნა მან.

ახალქალაქში საინიციატივო ჯგუფი არ არის. სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან თითო საინიციატივო ჯგუფი დარეგისტრირდა ბორჯომსა და ნინოწმინდაში, სამი ჯგუფი ხაშურში, ორი საინიციატივო ჯგუფი წალკის მუნიციპალიტეტში, თითო მარნეულსა და გარდაბანში.