
სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 12 აპლიკანტს მთავრობისა და გუბერნატორის მხრიდან მადლობის სიგელები, ფულადი პრიზი და სუვენირად წიგნები გადაეცა. ესენი არიან აპლიკანტები, რომლებმაც ერთიანი ეროვნული გამოცდები მაღალი შედეგებით ჩააბარეს და 100%-იანი სახელმწიფო გრანტი მიიღეს; 1+4 პროგრამით ჩარიცხული სტუდენტები ამ პროგრამაში არ შედიან.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ზაალ გელაშვილი, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები ირაკლი ლაზარაშვილი და გოჩა კიმაძე, გუბერნატორის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები შეხვდნენ რეგიონის სტუდენტებს, რომლებმაც მიიღეს 100%-იანი სახელმწიფო გრანტი.
ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო ადმინისტრაციამ თავიანთ ოფიციალურ Facebook გვერდებზე გამოაქვეყნეს.
მოსწავლეთა დაჯილდოების ცერემონია ახალციხეში, „ციტადელის“ დარბაზში გაიმართა.
ზემოაღნიშნული პირების გარდა, ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საგანმანათლებლო რესურს ცენტრების ხელმძღვანელები, სკოლის დირექტორები, კლასის დამრიგებლები, მასწავლებლები და მოსწავლეთა ოჯახის წევრები.
ფენია თოროსიან