შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ერთობლივი ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით დააკავეს 1988 წელს დაბადებული უცხო ქვეყნის მოქალაქე.

მას ბრალი ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში, ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანაში.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბრალდებულის ბარგის შემოწმების შემდეგ, სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს 19 კილოგრამი და 400 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“, რომელიც 34 შეფუთვაში იყო შეფუთული.

გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.